Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრალი წარუდგინეს ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს


ზურაბ ზვიადაური
ზურაბ ზვიადაური

ოლიმპიურ ჩემპიონსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს ზურაბ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება ზვიადაურს, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავება.

სამართალდამცავი უწყების ვერსიით, 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

ახმეტის მკვიდრმა, ვასილ ცოცხალაშვილმა, იქვე მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ნიკა კენჭოშვილს ესროლა, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა.

კენჭოშვილის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად, ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე დაიღუპნენ, გვერდით მყოფი, ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი კი დაიჭრნენ.

პროკურატურის მტკიცებით, ზურაბ ზვიადაურმა, რომელიც ამ კონფლიქტში მონაწილეობდა, საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღით, სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

პოლიციამ ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავა.

ზურაბ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინეს.

გამოძიება ჯანგირაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

ზვიადაურის ადვოკატები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ყოფილი დეპუტატი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ამავე პოზიციაზეა თავად ზვიადაურიც და ის ბრალს არ აღიარებს.

ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი თელავის რაიონულ სასამართლოში, სავარაუდოდ, 19 აგვისტოს განიხილება.

XS
SM
MD
LG