Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტალახაძე და ბექაური ზურაბ ზვიადაურს თავდებად უდგებიან - ადვოკატი


ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური.
ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური.

ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა ტალახაძემ სურვილი გამოთქვეს, თავდებად დაუდგნენ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ზვიადაურის ერთ-ერთმა ადვოკატმა კახა ცნობილაძემ განუცხადა.

„მათ ამ ეტაპზე სურვილი გამოთქვეს, რომ ზვიადაურს დაეხმარონ და თავდებში ჩაუდგნენ. ახლა ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამას სამართლებრივი ფორმა მივცეთ. ჩვენ 19 აგვისტოს, დილით მივმართავთ სასამართლოს და მოვითხოვთ ან გირაოთი გათავისუფლებას, ან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას“, - ამბობს ადვოკატი.

ზვიადაურის ადვოკატები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ყოფილი დეპუტატი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ამავე პოზიციაზეა თავად ზვიადაურიც და ის ბრალს არ აღიარებს.

ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი თელავის რაიონულ სასამართლოში, სავარაუდოდ, 19 აგვისტოს განიხილება.

ოლიმპიურ ჩემპიონსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს ზურაბ ზვიადაურს დღეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება ზვიადაურს, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავება.

სამართალდამცავი უწყების ვერსიით, 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

ახმეტის მკვიდრმა, ვასილ ცოცხალაშვილმა, იქვე მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ნიკა კენჭოშვილს ესროლა, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა.

კენჭოშვილის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად, ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე დაიღუპნენ, გვერდით მყოფი, ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი კი დაიჭრნენ.

პროკურატურის მტკიცებით, ზურაბ ზვიადაურმა, რომელიც ამ კონფლიქტში მონაწილეობდა, საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღით, სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG