Accessibility links

site logo site logo

ზურაბ ზვიადაური ძმის დაკრძალვაზე ბადრაგის თანხლებით მიიყვანეს


ახმეტაში, დღეს დაკრძალავენ ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმას, რომელიც 16 აგვისტოს, სოფელ წინანდლის ტყეში მოკლეს. დაკრძალვის პროცესს ესწრება თავად ოლიმპიური ჩემპიონიც. ის საკუთარ სახლში ბადრაგის თანხლებით მიიყვანეს.

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ თამარ კაპანაძე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 18 აგვისტოს შეუფარდა.

ზვიადაური ორ შემთხვევაში შეძლებდა დაკრძალვაზე დასწრებას, თუ გაათავისუფლებდნენ ან პატიმრობაში დატოვებდნენ.

ოლიმპიურ ჩემპიონსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს ზურაბ ზვიადაურს 18 აგვისტოს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება ზვიადაურს, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავება.

სამართალდამცავი უწყების ვერსიით, 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

ახმეტის მკვიდრმა, ვასილ ცოცხალაშვილმა, იქვე მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ნიკა კენჭოშვილს ესროლა, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა.

კენჭოშვილის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად, ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე დაიღუპნენ, გვერდით მყოფი, ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი კი დაიჭრნენ.

პროკურატურის მტკიცებით, ზურაბ ზვიადაურმა, რომელიც ამ კონფლიქტში მონაწილეობდა, საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღით, სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

ზვიადაურის ადვოკატები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ყოფილი დეპუტატი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ამავე პოზიციაზეა თავად ზვიადაური და ის ბრალს არ აღიარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG