Accessibility links

site logo site logo

თურქეთის და საბერძნეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არ მიიღებენ ავღანელ მიგრანტებს


ირანელი ჯარისკაცი წვენს აძლევს ავღანელ დევნილს ირან-ავღანეთის საზღვრისპირა ზონაში. 2021 წლის 19 აგვიტოს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა, და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოანმა, ავღანეთის გარშემო იმსჯელეს იმ ფონზე, როცა შეშფოთება იზრდება მიგრაციის ახალი ტალღის გამო ევროპაში.

ევროპის კავშირი უნდა დაეხმაროს ავღანელებს, ავღანეთსა და მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით ირანში, სხვანაირად მიგრაციის ტალღა "გარდაუვალი" იქნება, - უთხრა ერდოანმა საბერძნეთის ლიდერს სატელეფონო საუბრისას 20 აგვისტოს.

ერდოანმა, მისი სამსახურის თანახმად, განაცხადა, რომ თუ სტაბილურობა არ იქნება უზრუნველყოფილი ავღანეთში, გასულ კვირას თალიბანის მიერ ხელისუფლების დაპყრობის შემდეგ, მიგრაციის ისედაც უკვე მაღალი წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდება და ეს ვითარება "სერიოზული გამოწვევა გახდება ყველასთვის".

ავღანეთის მეზობლებისთვის მხარდაჭერაა საჭირო, რომ ავღანელები "თავის სახლებთან რაც შეიძლება ახლოს დარჩნენ", - განაცხადა მიცოტაკისმა, მისი სამსახურის თანახმად.

ავღანეთში თალიბანის მიერ ხელისუფლების დაპყრობამ, ეკონომიკის გაუარესებამ და ხანგრძლივმა ჰუმანიტარულმა კრიზისმა ევროპაში გააძლიერა შეშფოთება 2015 წლის მიგრაციული კრიზისის გამეორების შესახებ, როცა მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც ომსა და სიღატაკეს გაექცა ახლო აღმოსავლეთსა და სხვა ქვეყნებში, თურქეთიდან საბერძნეთში გადავიდა, სანამ ჩრდილოეთით, უფრო მდიდარ ქვეყნებში გაემგზავრებოდა.

თურქეთში 4 მილიონი სირიელი და 300 000 ავღანელი ლტოლვილია, კიდევ სხვა მიგრანტებსა და ლტოლვილებთან ერთად მსოფლიოს სხვა კუთხეებიდან.

ევროპის მიგრაციის კრიზისისას, საბერძნეთი გახდა ფრონტის წინა ხაზზე მყოფი სახელმწიფო, თუმცა თურქეთიდან შემოსულთა რიცხვმა იკლო 2016 წლის შემდეგ, როცა ევროპის კავშირმა ანკარასთან შეთანხმებას მიაღწია ნაკადის შეჩერების შესახებ, მილიარდობით დოლარის ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ.

ერდოანი ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ ევროპის კავშირმა ბოლომდე არ შეასრულა შეთანხმების ნაწილი და ხანდახან ევროპისთვის თურქეთის საზღვრების გახსნის მუქარას იყენებდა ბრიუსელზე პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად.

"თურქეთს არ გააჩნია მისია, პასუხისმგებლობა ან ვალდებულება, იყოს ევროპის ლტოლვილთა ბანაკი", - განაცხადა ერდოანმა სატელევიზიო გამოსვლისას 19 აგვისტოს საღამოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG