Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიზი სიდალი: პრერაფაელიტი სუპერმოდელის ლეგენდა და სინამდვილე


სალომე ასათიანის პოდკასტი

1848 წელს - როცა ევროპაში მონარქების საწინააღმდეგო რევოლუციები ხდებოდა, როცა ბრიტანეთი ძირეულად შეეცვალა ინდუსტრიალიზაციას და რკინიგზის განვითარებას, როცა მარქსმა და ენგელსმა „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“ გამოაქვეყნეს - ლონდონში კიდევ სხვა რევოლუციური ჯგუფი შეიქმნა. პირველი ავანგარდული გაერთიანება ბრიტანეთის მხატვრობის ისტორიაში, რომელსაც უცნაური სახელით, „პრერაფაელიტების საძმოთი“ ვიცნობთ. ეს ჯგუფი, რომელიც ლონდონის სამეფო აკადემიის შვიდი სტუდენტებისგან შედგებოდა, გაბედული განაცხადით გამოვიდა - რომ მაღალი რენესანსის გიგანტის, რაფაელის ექომ, გავლენამ და მისი სრულყოფილი კომპოზიციის თუ უზადო ფორმების მიბაძვის აუცილებლობამ მხატვრობა - და განსაკუთრებით ბრიტანეთის მხატვრობა - სტერილური და მოსაწყენი გახადა. და რომ მათი, პრერაფაელიტების შემოქმედება ამ აკადემიზმსა და სტერილურობას გაარღვევდა და ერთდროულად იქნებოდა რომანტიკულიც და მორალურიც, რეალისტურიც და სიმბოლურიც, სულიერიც და სხეულებრივიც, მწვავედ თანამედროვეც და ლიტერატურულად ნარატიულიც. მათ საიდუმლო საძმოს ბრიტანეთის სამხატვრო აკადემიაში უნდა შეეღწია და „შიგნიდან“ უნდა შეეცვალა ფერწერის დამკვიდრებული ტრადიცია.

ადრეული რენესანსის ხელოვნებით, შუასაუკუნეების მგრძნობელობით, ლეგენდებით და ესთეტიკით, ბიბლიური და ლიტერატურული სახეებით და თემებით შთაგონებულმა ახალგაზრდებმა ხატვა მართლაც ახლებურად და პროვოკაციულად დაიწყეს. ბიბლიური სცენების - იესოს ყრმობის, ხარების - ასახვისას ისინი ერთმანეთს გაბედულად უხამებდნენ ფოტოგრაფიულად დეტალიზებულ რეალიზმს და იდუმალ, მდიდარ ქრისტიანულ სიმბოლიზმს, ეხმაურებოდნენ მწვავე საზოგადოებრივ თემებს - მათ შორის მეძავი და საქმროების მიერ მიტოვებული ქალების მძიმე ხვედრს. საიდუმლო კოდის სახით, საძმოს წევრები პირველ ეტაპზე თავიანთ ნახატებს სამ ასოს აწერდნენ - PRB, რაც გამოხატავდა სახელს Pre-Raphaelite Brotherhood და ხალხში ინტრიგას, ინტერესს, მითქმა-მოთქმას აღძრავდა. მაგრამ მათი საიდუმლო მალე გამჟღავნდა - და ვიქტორიანული საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლმაც არ დააყოვნა. ახალგაზრდა მხატვრების მხრიდან კომპოზიციის წესების, შუქჩრდილის პრინციპის, ადამიანის სხეულის გამოხატვის დამკვიდრებული ნორმების უარყოფა და მნიშვნელოვანი, მორალური, მწვავე თემატიკის გაბედულად ასახვა ქედმაღლობად და უმწიფრობად ჩაითვალა. პრერაფაელიტებით აღშფოთებას თვით ჩარლზ დიკენსიც კი შეუერთდა. 1850 წელს მან რეცენზიაში მწარედ გამოლანძღა საძმოს ერთ-ერთი დამაარსებელი, ჯონ ევერეტ მილე, მისი ნახატის გამო, რომელიც იესოს ბავშვობის სცენას დურგლის ღარიბულ სახელოსნოში ასახავდა.

ლუსინდა ჰოკსლი
ლუსინდა ჰოკსლი

თუმცა შემდეგ სკანდალი ჩაცხრა. პრერაფაელიტებს სიცოცხლეშივე ერგოთ აღიარება - დღეს კი თანამედროვე ხელოვნების მკვლევრები გვეტყვიან, რომ თანამედროვე ხელოვნების ბევრი მნიშვნელოვანი მოძრაობა და სტილი - სიმბოლიზმიდან სიურრეალიზმამდე, არტ ნუვოდან არტ დეკომდე, 1960-იანი წლების პოპ არტისტების ჩათვლით - შეუძლებელი იქნებოდა ამ ვიქტორიანელი რომანტიკოსების ამბოხების გარეშე. და ეს იმის მიუხედავად, რომ საკუთრივ ამბოხება სულ რაღაც ხუთიოდე წელიწადს გაგრძელდა - პრერაფაელიტების სტილი მალევე შერბილდა, დღეს კი ტერმინი „პრერაფაელიტი“ მშვენიერი, მაგრამ სრულიად უწყინარი ხელოვნების სინონიმია - სიზმრისეული ატმოსფეროსი, ზღაპრის და მითების პერსონაჟების, ფსევდოშუასაუკუნეების სტილის და ლამაზი, გრძელთმიანი ქალების სახეების სინონიმი.

პრერაფაელიტთა ქალებს ისინიც მყისიერად ცნობენ, ვისაც ამ ჯგუფზე და მოძრაობაზე მხოლოდ გაკვრით თუ სმენია რამე. მეტიც - თუკი პრერაფაელიტების ხელოვნება ერთი სახით უნდა განისაზღვროს, ეს პირველ რიგში სწორედ ქალის სახე იქნება - დიდი, სხივიანი თვალებით, აუცილებლად გრძელი და გაშლილი თმით, გაშვებული, დავარდნილი, შუა საუკუნეების სტილის სამოსით და ერთდროულად ემოციური და თან მაინც შორეული, დისტანციური, იდუმალი გამომეტყველებით. პრერაფაელიტებთან ასეთი ქალები გვხვდება ყველგან - ზეთის და აკვარელის საღებავებით შესრულებულ ტილოებზე, გრაფიკულ ნამუშევრებზე. ხოლო სახეების ამ გალერეაში გამორჩეულად ბრწყინავს ერთი ფიგურა - თხელი აგებულების, თითქოს ცოტა ეფემერული იერის ახალგაზრდა ქალი გრძელი, ალისფერი თმით. სწორედ ამ ქალს ვხვდებით პრერაფაელიტების მემკვიდრეობის შედევრად მიჩნეულ ნახატზე „ოფელია“, რომელიც ჯონ ევერეტ მილეს ეკუთვნის და რომელსაც „ფერწერის ისტორიაში ყველაზე მომნუსხველ სიკვდილის სცენასაც“ უწოდებენ ხოლმე. და ამ ქალსვე ვხედავთ ნახატზე „ბეატა ბეატრიქსი“ – „ნეტარი ბეატრისი“ - საძმოს გვიანდელი ეტაპისთვის ემბლემატურ ტილოზე, რომელიც დანტე გაბრიელ როსეტის ეკუთვნის - თავისი სიზმრისეული, ტრანსცენდენტული, დამზაფვრელი ატმოსფეროთი და რელიგიური გადაარსების, ექსტაზის მომენტში ასახული ქალით.

ეს ჟღალთმიანი ქალი ელიზაბეთ - ლიზი - სიდალია - პრერაფაელიტების მუზა, თავადაც მხატვარი, და დანტე გაბრიელ როსეტის მარადიული შეყვარებული. ლიზი სიდალს

ჯან მარში
ჯან მარში

დღეს „პირველ სუპერმოდელსაც“ უწოდებენ, რადგან მან, თავისი გარეგნობით, ჩაცმით, თუ ცხოვრების სტილით, მნიშვნელოვნად შეცვალა ვიქტორიანული ბრიტანეთის სილამაზის თუ მოდის სტანდარტები. ლიზი სიდალი „მუზის“ არქეტიპული სახეა, რომანტიკული ფანტაზიის განსხეულება - ღარიბი სოციალური კლასიდან გამოსული უცნაური სილამაზის გოგო, რომელიც ვარსკვლავი გახდა, მხატვარი კაცი უყვარდა და 32 წლის ასაკში დეპრესიას და ოპიუმზე დამოკიდებულებას ემსხვერპლა. და მისი ეს მელანქოლიური და დეკადენტური იმიჯი - რომლის კულტივირებაშიც დიდი როლი აქვს ნახატს „ოფელია“ – დიდწილად ფარავს მისი ცხოვრების სხვა მხარეებს, მათ შორის იმ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან მემკვიდრეობას, რომელიც მან როგორც მხატვარმა დატოვა. არადა, ბოლო ათწლეულებში სულ უფრო და უფრო მეტი კრიტიკოსი წერს, რომ თავისი პრინციპულად მოუხეშავი, როგორც უწოდებენ ხოლმე, „ნაივური“ სტილით სიდალი თითქოს თავის დროსაც უსწრებს და ფერწერაში მოდერნიზმის ეპოქის დადგომას წინასწარმეტყველებს.

„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი პრერაფაელიტების საძმოს და ლიზი სიდალს ეძღვნება. პოდკასტის სტუმრები პრერაფაელიტთა მკვლევრები და ბიოგრაფები არიან - ბრიტანელი მწერალი ლუსინდა ჰოკსლი, რომლის დიდი ბაბუის მამის მამაც, ცხოვრებისეული, თუ ლიტერატურული ირონიით, სწორედ ჩარლზ დიკენსი იყო, და მწერალი და კურატორი ჯან მარში, რომელიც პრერაფაელიტებს, და განსაკუთრებით პრერაფაელიტ ქალებს, უკვე ათწლეულებია იკვლევს. ჩვენი სტუმრები დეტალურად და საინტერესოდ გვიყვებიან პრერაფაელიტთა საძმოს ისტორიაზე, მათ სტილზე, პრინციპებზე და მნიშვნელობაზე, მათ მიმართებაზე სხვადასხვა პერიოდის ლიტერატურულ თუ სოციალურ კონტექსტებთან, და მოგვითხრობენ ელიზაბეთ სიდალზე - იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ლიზი „ოფელიას“ დაუვიწყარი, მომნუსხველი და ინტენსიურად მელანქოლიური იმიჯის მიღმა.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG