Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმი საუბრობს კოვიდინფიცირებული მელოგინე ქალის გარდაცვალების მიზეზებზე


ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ გარდაიცვალა ახალნამშობიარები ახალგაზრდა ქალი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული. კლინიკის ინფორმაციით, თეა ბარამიძეს ვირუსი 14 აგვისტოს დაუდასტურდა და ის 5 დღის განმავლობაში ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.

მდგომარეობის დამძიმების შემდეგ 36 კვირის ორსული ქუთაისში გადაიყვანეს, სადაც მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. „ბომონდში“ შეყვანისას მას ფილტვის ქსოვილის დაზიანება და სუთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა.

"ბომონდის“ კლინიკური მენეჯერის მამია ყიფიანის განცხადებით, ახალგაზრდა ქალი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ ყოფილა. ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.

„კატასტროფის ბრიგადამ 20 აგვისტოს ბათუმის სამშობიარო სახლიდან გადმოიყვანა 24 წლის ქალი, 36 კვირის ორსული, ორმხრივი პნევმონიით, სუნთქვის მწვავე უკმარისობით, ჩვენთან ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით ფილტვის დაზიანების ინდექსი იყო 17 ქულა და გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარდა საკეისრო კვეთა. დაიბადა მდედრობითი სქესის ახალშობილი, რომელიც მოთავსდა ახალშობილთა თერაპიის ბლოკში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკეისრო კვეთის შემდეგ მელოგინე გადავიყვანეთ რეანიმაცია-ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც მკურნალობას აგრძელებდა. სამწუხაროდ, მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გუშინ გარდაიცვალა“,- ამბობს მამია ყიფიანი

კლინიკა „ბომონდში“ ამჟამად კოვიდით ინფიცირებული 30-მდე ორსული და მელოგინე მკურნალობს.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 79 პაციენტი. ეს ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია. მხოლოდ აგვისტოს პირველ 25 დღეში COVID-19-მა 1208 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კოვიდინფექციის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 7000-ს გადააჭარბა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 24 საათში ჩატარებული 43 653 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 4128 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG