Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISIS-ის წევრობაში ბრალდებულ პანკისელებს პატიმრობა შეეფარდათ


ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული 5 კაცს პანკისიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

26 აგვისტოს სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა, მიზეზად კი მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა ქვეყნის ინტერესები და უსაფრთხოება დაასახელა.

სხდომას ხუთივე ბრალდებული სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლების ზედამხედველობით ესწრებოდა.

პანკისის ხეობის ხუთი მკვიდრი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს 24 აგვისტოს. სუს-ის ვერსიით, ისინი გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას.

„ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან. ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას“, - აცხადებს სუს-ი.

ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულები პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებსა და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს.

სუს-ის მტკიცებით, გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი. სუს-ი მიიჩნევს, რომ ბრალდებულები სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG