Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი გახარიას შესახებ: მეგრელები გამიგებენ, ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე


ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი.

მარტვილში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი გახარიას შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. მან პარტია „საქართველოსთვის" ლიდერს მოღალატე უწოდა და მის დასახასიატებლად მეგრული სიტყვაც გამოიყენა.

„რა თქმა უნდა, ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე და მეტსაც ვიტყვი, გახარია არის იშვიათი მოღალატე. სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე, ამას კარგად გამიგებენ. ჩვენ არაერთი ღალატის პრეცედენტი გვინახავს, ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი და აღარ მინდა, სხვა გვარები ჩამოვთვალო. ამ შემთხვევაში მართლაც რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა, სიცხადე შემოვიტანო და ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პოზიცია, ეს არის ჩვენი გუნდის საერთო პოზიცია“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერი ამბობს, გახარია და მისი გუნდის წევრები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს ის იყო ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რაც, ღარიბაშვილის თქმით, სრული სიცრუეა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. ამის თაობაზე პარტიის დამფუძნებელმა გააკეთა განცხადება და მას დაარქვა სახელი, როგორც მოღალატე სახელმწიფოსი და ჩვენი გუნდის. ამის შემდეგ მეორე ვერსია გაავრცელა, თითქოს შესაძლო კოალიციაში „ქართული ოცნება“ პარტნიორად განვიხილავთ გახარიას პარტიას. კითხვას ვუსვამ ნებისმიერ მოქალაქეს, კაცი, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებით ნდობას დაამსხვრევს, უღალატებს და ზურგში დანას ჩაარტყამს კრიზისულ, კრიტიკულ სიტუაციაში და საკუთარი გადაწყვეტილებით თავად ანგრევს ნდობას, რომელიც რვა წელი ერთად ვაშენეთ, როგორ შეიძლება, ამ ადამიანს ნდობა გამოუცხადოს როგორც მმართველმა გუნდმა, ასევე ჩვეულებრივმა ადამიანებმა", - თქვა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატად წარადგინა თორნიკე ჯანაშია.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება 2 ოქტომბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG