Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

27 აგვისტოდან იზღუდება „სინოფარმის" პირველ დოზაზე რეგისტრაცია


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 27 აგვისტოდან იზღუდება „სინოფარმის" ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე.

როგორც NCDC აცხადებს, დროებით შეჩერება არ ეხება იმ პირებს, რომლებმაც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთეს 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის. ამასთან, შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა „სინოფარმის" ვაქცინის მეორე დოზით.

„პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით „ფაიზერის", „ასტრაზენეკასა" და „სინოვაკის" ვაქცინებით", - მოუწოდებს მოქალაქეებს NCDC.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 79 პაციენტი. ეს ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია. მხოლოდ აგვისტოს პირველ 25 დღეში COVID-19-მა 1208 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კოვიდინფექციის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 7000-ს გადააჭარბა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 24 საათში ჩატარებული 43 653 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 4128 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამეში 5611-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

XS
SM
MD
LG