Accessibility links

site logo site logo

ბაიდენი: ქაბულის აეროპორტში სისხლიანი თავდასხმის გამო "ისლამურ სახელმწიფოს" სამაგიერო მიეზღვება


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ ექსტრემისტულ გაერთიანებას, "ისლამურ სახელმწიფოს" სამაგიერო მიეზღვება ქაბულის აეროპორტთან თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ განხორციელებული ორი აფეთქებისთვის, რასაც სულ მცირე 12 ამერიკელი სამხედრო და 60-მდე ავღანელი შეეწირა. თავდასხმა მოხდა რამდენიმე დღით ადრე 31 აგვისტომდე - ბოლო ვადამდე, რომელშიც ავღანეთი უნდა დატოვონ საერთაშორისო სამხედრო ძალებმა.

"მათ საყურადღებოდ, ვინც ეს თავდასხმა მოახდინა ... ჩვენ არ გაპატიებთ, არ დავივიწყებთ, გიპოვით და სამაგიეროს გაზღვევინებთ" - განაცხადა ბაიდენმა თეთრი სახლიდან, ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში 26 აგვისტოს. ბაიდენის თქმით, აშშ-ის ძალების სამიზნე იქნება "ისლამური სახელმწიფო ხორასანი", ანუ ექსტრემისტული გაერთიანების ავღანურ მოკავშირე, რომელმაც იკისრა თავდასხმებზე პასუხისმგებლობა. "ისლამური სახელმწიფო ხორასანი" თალიბანის მეტოქე ძალაა.

აშშ თალიბანთან კოორდინაციით აწარმოებს ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციის პროცესს, მას შემდეგ, რაც თალიბანის მეამბოხეებმა მიმდინარე თვეში ქაბული დაიკავეს. ბაიდენის თქმით, 26 აგვისტოს ტერორისტული თავდასხმა ვერ შეაკავებს აშშ-ის თავისი მიზნის აღსრულებისგან - ათასობით ამერიკელის, მათი მოკავშირეების და საფრთხის ქვეშ მყოფი ავღანელის ევაკუაციისგან.

აშშ-ის ძალებს შორის არსებული მსხვერპლით, 26 აგვისტოს თავდასხმა ბოლო ათწლეულში ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა აშშ-ის ძალებისთვის ავღანეთში და ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი მთელ ოცწლიან ომში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG