Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან დროებით შეჩერდა „სინოფარმის“ ვაქცინის პირველი დოზით აცრის მსურველთა რეგისტრაცია


დღეიდან, 27 აგვისტოდან დროებით შეჩერდა „სინოფარმის“ ვაქცინის პირველი დოზით აცრის მსურველთა რეგისტრაცია და რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, „სინოფარმის“ ვაქცინების დამატებითი პარტიის მიღებამდე პროცესის დროებით შეჩერება არ ეხება მოქალაქეებს, რომლებმაც პირველი დოზით აცრა დაჯავშნეს 27 აგვისტომდე, ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის. ასევე, შეუფერხებლად გაგრძელდება „სონოფარმის“ მეორე დოზით აცრა.

როდის ჩამოვა ამ ვაქცინების ახალი პარტია, ჯერჯერობით უცნობია. საქართველომ „სინოფარმის“ პირველი პარტია - 100 000 დოზა აპრილის დასაწყისში მიიღო, მეორე პარტია - 500 000 დოზა კი, ივლისის დასაწყისში.

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი პირველი დოზით აცრის მსურველ მოქალაქეებს მიმართავს, ამ ეტაპზე დაჯავშნონ „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“ და „სინოვაკის“ ვაქცინები.

26 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოში ერთი დოზით ვაქცინირებული იყო 734 112 ადამიანი(მოზრდილი მოსახლეობის 25.7%), ხოლო სრულად ვაქცინირებული - 331 736(მოზრდილი მოსახლეობის 11.6%).

ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო ხანს ვაქცინაციის ტემპი გაიზარდა, მაგრამ ჯერ კიდევ არასაკმარისია, რადგან ეპიდემიის გავრცელების შესაფერხებლად აუცილებელია დღეში 40 ათასამდე აცრის გაკეთება.

საქართველოში ივლისიდან მკვეთრად მოიმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ. 26 აგვისტოს გარდაცვალების დღიურმა მაჩვენებელმა პიკს, 79-ს მიაღწია. ეპიდემიის მეოთხე და ჯერჯერობით ყველაზე მძიმე ტალღის პერიოდში დაავადებულთა 90%-ზე მეტს კორონავირუსის უფრო გადამდები და რთული დელტა შტამი აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG