Accessibility links

site logo site logo

გლდანში, ვარკეთილსა და სადგურის მოედანზე ვაქცინაციის ცენტრები ავტობუსებში განთავსდება


ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას გულისხმობს. პირველ ეტაპზე სპეციალური ბრენდირებული ავტობუსები სამ ადგილას - გლდანში, ვარკეთილსა და ვაგზლის მოედანზე განთავსდება.

დღეს დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას. ეს საერთაშორისო პრაქტიკა გახლავთ უკვე, ევროპაში მრავალი დაბრენდილი ავტობუსია, სადაც მოქალაქეები მომსახურებას იღებენ და მათთვის კუთვნილი ვაქცინა ხელმისაწვდომია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში, პირველ ეტაპზე დაგვეწყო 3 ავტობუსით, ამისთვის გამოვკვეთეთ ის რაიონები, სადაც ვაქცინაციის პუნქტებზე ყველაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვარკეთილში, გლდანში და სადგურის მოედნის ტერიტორიაზე განვათავსებთ 3 ავტობუსს. ჯამში დაგეგმილია 10 ავტობუსის განთავსება, ისინი იქნებიან დაბრენდილი ავტობუსები, სადაც მოქალაქე მიიღებს ყველა იმ საჭირო, უსაფრთხო მომსახურებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რასაც ის კლინიკასა და პოლიკლინიკაში მიიღებდა. იქნება რეგისტრაცია, რომელიც პორტალზე ონლაინ აისახება, შემდეგ მოქალაქე აირჩევს თავის კუთვნილ ვაქცინას, რომელზეც გადაწყვეტილებას მიიღებს. საჭიროების შემთხვევაში, მას ადგილზევე გაეწევა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ეს მეთოდი გაამართლებს. მისი თქმით, ავტობუსები წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით იმოძრავებენ.

„ავტობუსები იმოძრავებენ განსაზღვრული მარშრუტით, გაჩერდებიან, მოსახლეობას ეცოდინება ამის შესახებ. ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მივლენ ადამიანები. საკმაოდ კარგადაა აღჭურვილი რეგისტრაცია, სადაც ექიმი შესაბამისი კითხვარით იკვლევს მოქალაქეს, შემდეგ ის მიდის, იცრება, რითიც სურს და იქვეა მოცდის არეალი, თუ რაიმე გართულება იქნება, საკმაოდ კარგი აღჭურვილობა არის იქ გადაუდებელი დახმარების ჩასატარებლად“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ თითოეულ ავტობუსში შესაძლებელია დღეში 100-150 აცრის ჩატარება და თუ პროექტი წარმატებული გამოდგა, შესაძლოა მსგავსი მობილური ბრიგადები რეგიონებშიც გამოჩნდეს.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 73 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 24 საათში ჩატარებული 42 744 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 4031 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამეში 4585-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

საქართველოში ივლისიდან მკვეთრად მოიმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ. ბოლო რამდენიმე დღეა გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებელი 80-ს მიუახლოვდა. ეპიდემიის მეოთხე და ჯერჯერობით ყველაზე მძიმე ტალღის პერიოდში დაავადებულთა 90%-ზე მეტს კორონავირუსის უფრო გადამდები და რთული დელტა შტამი აქვს.

27 აგვისტოს მონაცემებით

  • სულ ჩატარებულია 1 095 069 აცრა
  • 1 დოზით ვაქცინირებულია 749 754 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.3%
  • სრულად ვაქცინირებულია 345 315 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 12.1%
  • 26 აგვისტოს აიცრა 26 418 ადამიანი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG