Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი აცხადებს, რომ სისხლიანი თავდასხმის შემდეგ ქაბულში საჰაერო ტრანსპორტს „სერიოზული საფრთხე“ ემუქრება


პენტაგონის პრეს-მდივანი, ჯონ კირბი, 23 აგვისტო, 2021 წელი
პენტაგონის პრეს-მდივანი, ჯონ კირბი, 23 აგვისტო, 2021 წელი

აშშ-ის სამხედროები ვარაუდობენ, რომ კვლავაც არსებობს „რეალური საფრთხე“ საჰაერო გზით ქაბულის აეროპორტიდან ადამიანების ევაკუაციის ოპერაციისთვის იმ ტერაქტიდან ერთი დღის შემდეგ, რომელსაც სხვადასხვა ცნობებით, ასზე მეტი ადამიანი, მათ შორის აშშ-ის 13 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

აშშ აკვირდებიან საფრთხეს „ძალიან, ძალიან კონკრეტულად, პრაქტიკულად რეალური დროის რეჟიმში“, განაცხადა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე პენტაგონის პრეს-მდივანმა, ჯონ კირბიმ. პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა 27 აგვისტოს ასევე განაცხადეს, რომ თავდასხმა განხორციელდა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ აეროპორტის კარიბჭესთან და რომ მეორე აფეთქება, მახლობელ სასტუმროსთან, არ მომხდარა, როგორც ამას იტყობინებოდნენ თავდაპირველად. აშშ-ის გენერალ-მაიორმა ჰენკ ტეილორმა განაცხადა ბრიფინგზე, რომ ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შემდეგ მტრის პოზიციიდან გაიხსნა ცეცხლი, მაგრამ თავდასხმის სხვა დეტალები კიდევ ზუსტდება.

აშშ-ის მედია იტყობინებოდა 27 აგვისტოს, რომ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებების დროს დაღუპულთა რიცხვი 170-ზე მეტია.

„ისლამურმა სახელმწიფომ“, თალიბანის და დასავლეთის მტერმა, პასუხისმგებლობა იკისრა თავდასხმაზე და განაცხადა, რომ მისი ერთი შტოს, „ისლამური სახელმწიფო-ხორასნის,“ მებრძოლებმა სამიზნეში ამოიღეს "თარჯიმნები და ისინი, ვინც ამერიკის ჯართან თანამშრომლობდნენ".

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, პირობა დადო, რომ შურს იძიებს და რომ აშშ-ის არმია ავღანეთს დათქმულ ვადაში დატოვებს.

XS
SM
MD
LG