Accessibility links

site logo site logo

ავღანეთის დასატოვებლად ემზადებიან აშშ-ის ბოლო სამხედროები


29 აგვისტოს აშშ-მა შეანელა ათასობით ავღანელის და უცხოელის ქაბულიდან ევაკუაციის საერთაშორისო მისია, იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ქაბულის აეროპორტზე ტერორისტული თავდასხმების საფრთხე მაღალი რჩება.

ახლოვდება ავღანეთიდან გამოსვლისთვის ბაიდენის მიერ დაწესებული ბოლო ვადა, 31 აგვისტო, და პენტაგონის განცხადებით, ქაბულის აეროპორტში ამჟამად 4000-ზე ნაკლები სამხედროა დარჩენილი - მაშინ, როცა ევაკუაციის პროცესის ინტენსიური ფაზის დროს მათი რიცხვი 5800 იყო. აშშ-ის მოკავშირეთა უმეტესობამ დაასრულა საევაკუაციო ფრენები, თუმცა აშშ გეგმავს, რეისები ბოლო საათებამდე ამუშაოს. აშშ-ის თქმით, 114,000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ორ კვირაში მას შემდეგ, რაც ქაბულს თალიბანი დაეპატრონა.

სააგენტო როიტერსი ავრცელებს უსაფრთხოების სტრუქტურების დასავლელი წარმომადგენლის სიტყვებს, რომ 29 აგვისტოს აეროპორტში რჩება და ევაკუაციას ელოდება 1000-ზე ცოტა მეტი სამოქალაქო პირი.

26 აგვისტოს აეროპორტზე ტერორისტულ თავდასხმას ემსხვერპლა ათობით ავღანელი და 13 ამერიკელი სამხედრო. ბაიდენმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ადგილზე ვითარება "ძალიან სახიფათო" რჩება და სამხედრო მეთაურებმა მას შეატყობინეს, რომ კიდევ ერთი თავდასხმაა მოსალოდნელი "შემდეგი 24-36 საათის განმავლობაში".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG