Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი ამერიკელებს: ქარიშხალი "იდა" სიცოცხლისთვის საშიშია

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ქარიშხალი "იდა", რომელსაც სახიფათო, მეოთხე კატეგორია აქვს შეფარდებული და რომელმაც 29 აგვისტოს ლუიზიანის შტატს მიაღწია, სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს და ზარალი, რომელსაც ის მოიტანს, სავარაუდოდ უზარმაზარი იქნება.

ვაშინგტონში, საგანგებო ვითარებების მენეჯმენტის ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ბაიდენმა ამერიკელებს უთხრა, რომ ისინი ქარიშხალს "მართლაც ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდონ".

ქარიშხალმა მიაღწია ლუიზიანის ფურჩონის პორტს, რომელსაც 160-მდე კილომეტრი აშორებს ნიუ-ორლეანს - ქალაქს, რომელიც 16 წლის წინ მესამე კატეროგიის ქარშხალმა, "კატრინამ" გააჩანაგა.

ლუიზიანის გუბერნატორმა, ჯონ ბელ ედვარდსმა თქვა, რომ "იდა" შესაძლოა 1850-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერი ქარიშხალი აღმოჩნდეს ამ შტატისთვის - თუმცა, მისი თქმით, შტატი "არასოდეს ყოფილა ასე მომზადებული".

ვითარებას ისიც ართულებს, რომ რეგიონში მატულობს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, საავადმყოფოები გადავსებულია პაციენტებით. არის შეშფოთება, რომ ქარიშხლის გამო აშენებული თავშესაფრები შესაძლოა ვირუსის გავრცელების დამატებით კერად გადაიქცეს.

XS
SM
MD
LG