საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დიდ ქალაქებში შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი 13 სექტემბრამდე არ ამუშავდება. გადაწყვეტილება საბჭომ დღეს, 31 აგვისტოს მიიღო.
"მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილებები მიიღო - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება", - თქვა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ
შეზღუდვა ეხება: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრავ ტრანსპორტს. გარდა ამისა, გაჩერებულია თბილისის მუნიციპალიტეტში მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით სამგზავრო გადაყვანა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი რამდენიმე კვირის წინ გაჩერდა და ის 4 სექტემბერს უნდა ამუშავებულიყო.
მძიმე ეპიდსიტუაციის გამო დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 14 აგვისტოს შემდეგ გაჩერებულია. მოქალაქეებს გადაადგილება მხოლოდ პირადი ტრანსპორტით ან ტაქსით შეუძლიათ.
დაწერეთ კომენტარი