Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში ბრალდებამ 12 წლით პატიმრობა მოითხოვა მაქსიმ ზნაკისა და მარია კალესნიკავასთვის


მარია კალესნიკავა და მაქსიმ ზნაკი სასამართლოზე, 4 აგვისტო, 2021 წელი
მარია კალესნიკავა და მაქსიმ ზნაკი სასამართლოზე, 4 აგვისტო, 2021 წელი

ბელარუსში პროკურატურამ 12 წლით კოლონიაში პატიმრობა მოითხოვა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრების, მაქსიმ ზნაკისა და მარია კალესნიკავასთვის. ამის შესახებ სააგენტო BelaPAN-ს განუცხადეს ბრალდებულთა ადვოკატებმა.

დახურული სასამართლო 4 აგვისტოს დაიწყო. ბრალდებულებს ადანაშაულებენ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში, საჯარო მოწოდებებში მოქმედებებისკენ, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ იყო მიმართული, და ექსტრემისტული ფორმირების შექმნაში.

მარია კალესნიკავა 8 სექტემბერს დააკავეს. ერთი დღის შემდეგ დააკავეს მაქსიმ ზნაკი. უფლებადამცველებმა ორივე პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნიეს. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანახმად, კალესნიკავასა და ზნაკის პროცესის შესახებ პრაქტიკულად არავის არაფრის თქმა არ შეუძლია, ვინაიდან ყველამ ხელი მოაწერა გაუთქმელობის შესახებ შეთანხმებას. შეუძლებელია გამომძიებელთა ვინაობის, ბრალდების დეტალების, პროკურატურის არგუმენტების გაგება.

სამშაბათს ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ვიქტარ ბაბარიკას Telegram-ის არხმა დაწერა, რომ განაჩენს 6 სექტემბერს გამოაქვეყნებენ. „ეს დახურული პროცესის ერთადერთი ღია ნაწილია“, ნათქვამია შეტყობინებაში.

მარია კალესნიკავა და მაქსიმ ზნაკი აქტიურ როლს თამაშობდნენ ქუჩის მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც ეწყობოდა შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ალიაქსანდრ ლუკაშენკას ოფიციალურ გამარჯვებულად გამოცხადების გამო. კალესნიკავა საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პირი გახდა, ის შედიოდა „ქალთა სამეულში“ სვიატლანა ციხანოუსკაიასა და ვერანიკა ციპკალასთან ერთად.

საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები აცხადებენ, რომ 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულია. ქვეყანაში აღიძრა ასობით სისხლის სამართლის საქმე. ბელარუსის უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ვიასნამ“ მრავალი ბრალდებული პოლიტპატიმრად მიიჩნია. ევროკავშირი და აშშ არ აღიარებენ ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ბელარუსის რიგი მოხელეების, მათ შორის ლუკაშენკას, წინააღმდეგ სანქციები დაწესდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG