Accessibility links

site logo site logo

„სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი“ - გვაქვს თუ არა ტოცილიზუმაბის დეფიციტი?


„ტოცილიზუმაბი შავ ბაზარზე ნახევარი დოზა ვიშოვეთ, 4100 ლარი. სირცხვილი აღარ მაქვს. ვისაც რამდენი შეგიძლიათ, გადამირჩინეთ! წამებზეა საქმე“, - ეს პოსტი სოციალურ ქსელში 30 აგვისტოს საღამოს გამოაქვეყნა კოვიდინფიცირებული პაციენტის ოჯახის წევრმა. მოგვიანებით, მისივე პოსტიდან შევიტყვეთ, რომ პაციენტი სხვა კლინიკაში გადაიყვანეს. კიდევ ერთი მსგავსი შინაარსის პოსტი „მედგიდში“, სოციალურ ქსელში შექმნილ სამედიცინო ჯგუფში, დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა: „გთხოვთ, ვეძებთ ტოცილიზუმაბს, გადასასხმელს ვენაში, ვერ ვშოულობთ. ნებისმიერ თანხას გადავიხდი. ჩემი 36 წლის სრულიად ჯანმრთელი მეუღლე ებრძვის კოვიდს. ციტოშტორმი განუვითარდა, მისი ექიმი მეუბნება, რომ სასწრაფოდაა საჭირო, თითოეულ წამს მნიშვნელობა აქვს. გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ. ბოდიში არეული ტექსტისთვის, ნახევრად მკვდარი გწერთ ნერვიულობით“.

ბოლო დღეებში, ტოცილიზუმაბს სოციალური ქსელით არაერთი კოვიდინფიცირებულის ოჯახის წევრი ეძებდა.

„სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი“, - ასე უწოდებს ტოცილიზუმაბს (აქტემრა), „ნიუ ჰოსპიტალსის“ რეანიმატოლოგი, ვახტანგ კალოიანი, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას და ამ ხნის განმავლობაში, მის ხელში არაერთ მძიმე პაციენტს გაუვლია, მათ შორის, COVID-19-ის ერთ-ერთი ურთულესი გართულებით, ციტოკინური შტორმით. სწორედ ციტოკინური შტორმისას ერთვება მკურნალობის პროცესში პრეპარატი ტოცილიზუმაბი, რომლის დროული გამოყენება, პაციენტებისათვის ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ამ პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, 25%-ით ნაკლები ადამიანი იღუპება მათთან შედარებით, ვისაც ციტოკინური შტორმისას არ გაუკეთდა ტოცილიზუმაბი:

ვახტანგ კალოიანი
ვახტანგ კალოიანი

„პრეპარატს გამოყენების თვალსაზრისით აქვს დროის საკმაოდ ვიწრო ფანჯარა. დაგვიანების შემთხვევაში, ის ეფექტური აღარ არის. შტორმის წარმოქმნისას, რაც მალე გაკეთდება პრეპარატი, მით უკეთესი, მაქსიმალურ პერიოდად შეიძლება აღებული იყოს ერთი დღე. ის არის ერთ-ერთი იმ მცირე წამალთაგანი, რომელმაც კოვიდის მართვის კვლევებში დაადასტურა მისი ეფექტურობა განსხვავებით სხვა მედიკამენტებისგან. ამდენად, მისი მარაგი კლინიკებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შედეგი სწორად გამოყენების შემთხვევაში, ძალიან კარგია. ის დაახლოებით 25%-ით ამცირებს სიკვდილობას, ოღონდ ხაზს ვუსვამ, მნიშვნელოვანია მისი დროული გამოყენება“.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დღესაც, 31 აგვისტოსაც ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში არ არის ტოცილიზუმაბის დეფიციტი, ვახტანგ კალოიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სახეზეა როგორც პრეპარატის დეფიციტი, ისე კლინიკური პროცესის სტანდარტიზაციის ხარვეზი:

„დიახ, ქვეყანაში ამ მედიკამენტის დეფიციტია. განსაკუთრებით ინტრავენური ფორმის. ჩვენ ამის ლოგისტიკა დროულად ვერ მოვახერხეთ და ამიტომაც გვაქვს ახლა დეფიციტი, რადგან ბაზარზე გაჩნდა დიდი მოთხოვნა. გარდა ამისა, საკმაოდ ცუდად არის ორგანიზებული ინფორმაციის გაცვლა კლინიკურ ჯგუფსა და რეგიონულ ჰოსპიტლებს შორის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს მიზეზიც არის, რომ რეგიონში ამ პრეპარატის გამოყენება თითქმის არ ხდება. ექიმები თავად მოიძიებენ ამ ინფორმაციას, მაგრამ ამას ორგანიზებული სახე უნდა ჰქონდეს, რაც, სამწუხაროდ, ასე არ ხდება“.

არადა, ვახტანგ კალოიანი გვეუბნება, რომ მძიმედ მიმდინარე ავადობისას, კოვიდპაციენტებში ციტოკინური შტორმის განვითარება არ არის იშვიათი გართულება:

„საკმაოდ ხშირია ციტოკინური შტორმი კოვიდპაციენტებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გართულებაა, რასაც ვირუსი იწვევს და რეალურად, ის არის ხოლმე გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზიც“.

გარდა დეფიციტისა, ტოცილიზუმაბი ძვირადღირებული პრეპარატია და იმ შემთხვევაში, თუკი კლინიკა და სახელმწიფო ვერ ახერხებს მის დროულად მოძიებას და დაფინანსებას, ამ მედიკამენტის შეძენა ყველა მოქალაქისთვის ვერ იქნება ხელმისაწვდომი, ამბობს ვახტანგ კალოიანი:

„ერთ პაციენტს, შესაძლოა, დაახლოებით 5000 ლარის ტოცილიზუმაბი დასჭირდეს. ის საკმაოდ ძვირადღირებული პრეპარატია. ხშირ შემთხვევაში, ერთი გადასხმა საკმარისია, მაგრამ ხანდახან აუცილებელი ხდება მეორე დოზაც. ჩვენს კლინიკას აქვს ხელშეკრულება გარკვეულ აფთიაქებთან. ამიტომ პაციენტს არ უწევს პრეპარატის და თანხის ძებნა. თუმცა, ყველა კლინიკას ამის შესაძლებლობა არ აქვს და, სამწუხაროდ, პაციენტების ახლობლები იძულებულნი არიან, მედიკამენტი თავისი სახსრებით მოიძიონ და შეიძინონ“.

31 აგვისტოს, საკოორდონაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას ტოცილიზუმაბის დეფიციტზე კითხვა დაუსვეს. მაგალითად მოუყვანეს სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტები, სადაც კოვიდპაციენტების ოჯახის წევრები ტოცილიზუმაბს „შავ ბაზარზე“ ეძებენ და მის შესაძენად თანხას აგროვებენ.

ასეთი იყო თამარ გაბუნიას პასუხი:

თამარ გაბუნია
თამარ გაბუნია

„არც ტოცილიზუმაბი და არც სხვა პრეპარატი არ უნდა იყიდოს ოჯახმა. არავითარი შავი ბაზარი ტოცილიზუმაბთან მიმართებაში, არ არსებობს. თუ სადმე გაიგებთ, რომ ასეთი ბაზარი არსებობს, ძალიან დავალებული დაგვრჩებით, თუ ამის შესახებ შეგვატყობინებთ. ტოცილიზუმაბის ერთადერთი მომწოდებელი არის „როში“, რომელმაც შემოიტანა ქვეყნისთვის განკუთვნილი ლიმიტი, რაც გადანაწილდა კლინიკებში. კლინიკების ნაწილს აქვს პრეპარატი. ხშირ შემთხვევაში ხდება ის, რომ კლინიკიდან კლინიკაში ხდება მედიკამენტის გადანაწილება, ანუ, როდესაც პაციენტის მდგომარეობა აუცილებლად საჭიროებს ტოცილიზუმაბით მკურნალობას“.

თამარ გაბუნია არ აკონკრეტებს, ქვეყანას რა რაოდენობის ტოცილიზუმაბის მარაგი აქვს. რომელ კლინიკებშია ეს მარაგი კონცენტრირებული, რატომ არ გადანაწილდა მედიკამენტი ყველა იმ კლინიკაში, სადაც კოვიდპაციენტები მკურნალობენ და სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება მათი მდგომარეობა დამძიმდეს, მით უმეტეს, რომ ციტოკინური შტორმის განვითარებისას, მედიკამენტის დროული გამოყენება პაციენტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თამარ გაბუნია ამბობს:

„დღევანდელი მდგომარეობით, მედიკამენტი გარკვეულ კლინიკებშია და ჩვენც ვცდილობთ, რომ როდესაც პაციენტისთვის აუცილებელია ტოცილიზუმაბის გადასხმა, კლინიკებთან კომუნიკაციის გარკვეული ფასილიტაციაც გავაკეთოთ. კლინიკამ შეიძლება მარტივად ისესხოს მეორე კლინიკისგან პრეპარატი, მაგრამ აქ არაფრით არ უნდა ჩაერიოს პაციენტი და არც არანაირი თანხის მობილიზება არ არის საჭირო. კლინიკებმა იციან, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში და როგორ უნდა დაუკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს. არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ კლინიკამ პაციენტის ოჯახს მოსთხოვოს მედიკამენტის სადმე შოვნა და მოტანა, მით უმეტეს, ყიდვა, რადგან ეს პრეპარატი ასე ბაზარზე, არ იყიდება. არც პოსტების წერა არ არის სწორი გამოსავალი, რომ შევაგროვოთ თანხა და იქნებ გადარჩეს ადამიანი. ეს არ არის გამოსავალი, რადგან მედიკამენტი არის ლიმიტირებული ოდენობით, არის იმ კლინიკებში, სადაც ყველაზე მძიმე პაციენტები არიან კონცენტრირებულნი და ამ კლინიკებთან დაკავშირებას ჩვენ ვახერხებთ იმგვარად, რომ მოხერხდეს პრეპარატის გადანაწილება იქ, სადაც პაციენტებს სჭირდებათ“.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ტოცილიზუმაბის მწარმოებელი კომპანიის F.Hoffmann-La Roche-ს წარმომადგენლობას საქართველოში, შპს „როშ ჯორჯიას“.

როგორც კომპანიის წარმომადგენლობამ მოგვწერა, მედიკამენტის რეალიზაციას და იმპორტს საქართველოში ახორციელებს სამი კომპანია, „პსპ ფარმა“, „ავერსი ფარმა“ და „გეფა“. მათივე ცნობით, ბოლო პერიოდში, მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოშიც, მკვეთრად გაიზარდა მედიკამენტზე მოთხოვნა, რამაც სირთულეები შექმნა პრეპარატის წარმოების პროცესში, რომლის გამოსწორებაც მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე იგეგმება.

რაც შეეხება საქართველოში ტოცილიზუმაბის შემოტანის პროცესს, კომპანია განგვიმარტავს:

„ამ კვირის განმავლობაში მოხდება მედიკამენტის ბოლო პარტიის ჩამოტანა, რომელიც საშუალოდ 80-100 პაციენტის სამკურნალო დოზაა. სამწუხაროდ, გლობალურად შეიქმნა მოწოდების პრობლემა და წლის ბოლომდე ვერ მოხდება დამატებითი რაოდენობის შემოტანა“.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომელიც უწყებამ აგვისტოს დასაწყისში მედიაპორტალ „კაქტუსის“ ავტორს, ცირა გვასალიას მიაწოდა, 2021 წელს საქართველოში სულ 3 775 ფლაკონი ტოცილიზუმაბი შემოვიდა.

თუმცა, უცნობია, ამ რაოდენობიდან, რამდენი ფლაკონი გადანაწილდა კოვიდპაციენტებზე, რაკიღა ეს პრეპარატი, რომელიც ადამიანის ინტერლეიკინ 6-ის [IL-6] რეცეპტორის საწინააღმდეგო მონოკლონურ ანტისხეულს წარმოადგენს, აქამდე გამოიყენებოდა რევმატოიდული ართრიტის, ბავშვებში გავრცელებული პოლიარტიკულური იუვენილური იდიოპათიური ართრიტის, გიგანტური უჯრედების არტერიტის და მსგავსი მდგომარეობების სამკურნალოდ. შესაბამისად, საქართველოში შემოტანილი პრეპარატის გარკვეული ნაწილი, სწორედ ამ დაავადებების მქონე პაციენტებისთვისაა განკუთვნილი.

17 აგვისტოს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა და პანდემიის კლინიკური მართვის გუნდის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ ქვეყანაში შემოვიდა 500 ფლაკონი ტოცილიზუმაბი, თუმცა, ის „ჩქარა გაიხარჯება“:

თენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე

„მერე რამდენად მოხდება ამის შევსება, ეს დამოკიდებულია საქართველოში „როშის“ წარმომადგენლობის და ჯანდაცვის სამინისტროს აქტიურ ქმედებებზე, რომ როგორმე მსოფლიო დეფიციტის პირობებში ისევ მოახერხონ საქართველოში პრეპარატის შემოტანა“.

რადიო თავისუფლება ტოცილიზუმაბის მარაგებთან დაკავშირებით, რამდენიმე კლინიკას დაუკავშირდა. თუმცა, კლინიკების ნაწილმა გვითხრა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და ამას „რადიოში ვერ გამოაცხადებენ“.

მარაგების შესახებ დაგველაპარაკა აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან გოფოძე. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის, კლინიკა ტოცილიზუმაბის გარკვეულ რაოდენობას ფლობს, თუმცა, არა იმდენს, რომ პრეპარატი სხვა კლინიკების პაციენტებისთვისაც გადანაწილდეს.

ლევან გოფოძე ამბობს, რომ ტოცილიზუმაბის გადასხმა მათ კლინიკაში კვირაში 3-5 კოვიდპაციენტისთვის მაინც უწევს:

ლევან გოფოძე
ლევან გოფოძე

„შესყიდული გვაქვს გარკვეული მარაგი, თუმცა, კლინიკაში დასაწყობებული არ არის. როდესაც საჭირო ხდება პრეპარატის გამოყენება, ვუკავშირდებით „გეფას“ და მოგვაქვს ჩვენთვის განკუთვნილი პრეპარატი. ეს ძალიან ძვირიანი პრეპარატია და ამიტომ არ აქვს კლინიკებს იმის საშუალება, რომ დიდი რაოდენობით შევისყიდოთ და დავდოთ საავადმყოფოში. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ, ამ ეტაპზე, პრობლემა არ შეგვქმნია, რომ ვინმეს დასჭირდა პრეპარატი და არ გვქონდა. ეს პრეპარატი რეანიმაციულ პაციენტებს სჭირდებათ. ხშირად არა, მაგრამ არც ისე ცოტაა პაციენტი, ვისაც ტოცილიზუმაბის გადასხმა ესაჭიროება. კვირაში, შესაძლოა, სამ-ხუთ პაციენტს დასჭირდეს. ყოფილა შემთხვევები, როცა პრეპარატს არანაირი შედეგი არ მოუცია, მაგრამ ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც უიმედო პაციენტთანაც კი ძალიან კარგი შედეგი გვაჩვენა“.

საუნივერსიტეტო კლინიკამ ივლისში 500 ფლაკონი ტოცილიზუმაბის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. თუმცა, როგორც ლევან გოფოძე გვეუბნება, საბოლოოდ, მხოლოდ 145 ფლაკონის შესყიდვა გახდა შესაძლებელი. ანუ დაახლოებით 14 ადამიანის სამყოფი დოზა. როგორც ის გვიხსნის, ციტოკინური შტორმის დროს, ერთ პაციენტს, სავარაუდოდ, 10 ფლაკონი ტოცილიზუმაბის გადასხმა ესაჭიროება.

ტოცილიზუმაბი, რომლის სავაჭრო სახელწოდებაცაა აქტემრა, საქართველოში რეგისტრირებულია 2009 წლიდან და გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს: რევმატოიდული ართრიტი; პოლიარტიკულური იუვენილური იდიოპათიური ართრიტი; სისტემური იუვენილური იდიოპათიური ართრიტი.

მიმდინარე წლის 24 ივნისს კი აშშ-ის წამლისა და სურსათის სააგენტომ (FDA) COVID-19-ის მკურნალობის პროცესში, საგანგებო რეჟიმში დაუშვა აქტემრა (ტოცილიზუმაბი) COVID-19-ის ინფექციის მქონე ჰოსპიტალიზებული ზრდასრული და პედიატრიული პაციენტებისთვის (2 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებითვის), რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს და საჭიროებენ დამატებით ჟანგბადის მიწოდებას, არაინვაზიურ ან ინვაზიურ მექანიკურ ვენტილაციას. მანამდე FDA-ის მიერ ტოცილიზუმაბის გამოყენება რეკომენდებული იყო ზოგადად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დროს.

საქართველოში ტოცილიზუმაბი 17 მაისიდან ჩაიწერა COVID-19-ის მწვავე ფორმების მკურნალობის პროტოკოლშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG