Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მერიას "იპოდრომის პარკზე" ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს


სოციალური სამართლიანობის ცენტრი თბილისის ცენტრალურ პარკზე საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის საფუძვლით თბილისის მერიისა და არქიტექტურის სამსახურის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. ორგანიზაციის განცხადებით, თბილისის მერია და არქიტექტურის სამსახური ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის სამშენებლო დოკუმენტაციას არ ასაჯაროებენ, რაც კიდევ უფრო აღრმავებს პროექტის უკანონობის ეჭვებს.

განცხადებას ხელს აწერს საინიციატივო ჯგუფი "იპოდრომი - უბეტონო მხარეც".

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ცენტრალურ პარკზე საჯარო ინფორმაცია 15 ივლისს მოითხოვა, თუმცა მერიამ მოთხოვნა არქიტექტურის სამსახურში გადაამისამართა. სამსახურს ჯერაც არ წარუდგენია პარკის მშენებლობის ნებართვა. მიუხედავად ამისა, პარკის მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს.

ამ საკითხზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს თბილისის მერს კახა კალაძეს. მან ასე უპასუხა:

"მერე რა პრობლემაა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირებაზე მუშაობა. პირველადი სამუშაოები დაწყებულია, სამუშაოებს ახორციელებს საქველმოქმედო ფონდი "ქართუ". ტერიტორია საჩუქრად გადმოეცა მუნიციპალიტეტს. სამუშაოების მთლიანი ხარჯი გაწეული იქნება "ქართუს" მხრიდან... როდესაც პროექტი გვექნება, პროექტი გასაჯაროვდება. იყო ბევრი ადამიანი, ვინც პირველად კონცეფციას ეწინააღმდეგებოდა და ჩვენ ყველა ადამიანის მოსაზრებას ვითვალისწინებთ და პროექტში ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული".

2020 წლის 5 ოქტომბერს, ფონდმა "ქართუმ" ტერიტორია პარკის მოწყობის მიზნით თბილისის მერიას გადასცა საჩუქრად, მშენებლობა კი 19 ოქტომბერს დაიწყო. 2021 წლის 10 აპრილს ჯგუფმა "იპოდრომი - უბეტონო მხარე" პირველი აქცია გამართა, სადაც პროექტში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას მოითხოვდა. ჰოლანდიური კომპანიის მომზადებული პროექტისთვის მერიას ღია კონკურსი არ გამოუცხადებია. როგორც საინიციატივო ჯგუფში ამბობენ, მერიას არ უხსენებია, რა ნიშნით შეარჩია კონკრეტული ევროპული კომპანია კონტრაქტორად. არ უთქვამთ, რა ამოცანა დაუსახეს არქიტექტურულ ბიუროს და არც ის, როგორ ჩაეწერება პარკი ახალი ფუნქციით და დიზაინით ქალაქის ერთიან სტრუქტურაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG