Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია "TV პირველს": თქვენ რომ არ იყოთ, ფაქტობრივად დავრჩებოდით Facebook-ის იმედად


საქართველოს ყოფილი პრემიერი, რომელიც ახლა ოპოზიციაში გადასული თბილისის მერობის კანდიდატია მმართველ პარტიას მათ წინაღმდეგ დაგეგმილ იზოლაციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან "TV პირველის" ეთერში ისაუბრა და მათ გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა.

"თქვენ ხო იცით ქვეყანაში ჩემი სამსახური დავიწყე ბიზნესომბუდსმენობიდან. თითქმის ყველა მცირე და საშუალო ბიზნესიდან დაწყებული მსხვილის [ჩათვლით] ყველას ვიცნობ. როგორი იზოლაციის სტატეგია აქვთ იცით სახელმწიფოს?! - მე ეს არ მიკვირს. არც ველოდი, რომ სხვა იქნებოდა. დღეს სახელმწიფოს ჩვენ წინააღმდეგ არჩეული აქვს შემდეგი სტრატეგია: იზოლაცია ფინანსებიდან (ბიზნესის დახმარება), იზოლაცია ადამიანებისგან (აშინებენ) და იზოლაცია მედიიდან. ახლა თქვენ მეხმარებით, რომ მედიაიზოლაცია გავარღვიოთ, მაგრამ მათ მიერ კოტროლირებადი ძირითადი მედიასაშუალებები ჩვენთვის დაკეტილია. თქვენ რომ არ იყოთ, ფაქტობრივად დავრჩებოდით Facebook-ის იმედად", - თქვა გახარიამ.

"TV პირველი" იყო ტელევიზია, რომელიც ფიგურირებდა მისი პრემიერობის დროს ე.წ. "გახარიას წერილში". ამ წერილში საუბარი იყო ამ არხის ხელისუფლებისთვის სასარგებლო სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაზე.

2019 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ პროკურატურაში მიმდინარეობდა გამოძიება "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. მათ გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება.

გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე თვეში ხაზარაძემ და ჯაფარიძემ თქვეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ შუამავლის ხელით გაუგზავნა.

ამ წერილის მიხედვით, მ.ხ.-ს (სავარაუდოდ, მამუკა ხაზარაძე, ავტ.), „ყველანაირი წინაპირობის გარეშე“ უნდა შეესრულებინა სამი პირობა:

  • "უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან)";
  • "მ.ხ.-მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი)";
  • "არტარეას" უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი".

"თიბისის" დამფუძნებლების წინააღმდეგ საქმეს ოპოზიცია პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. სწორედ საქმის აღძვრის შემდეგ გადაწყვიტეს ჯაფარიძემ და ხაზარაძემ პოლიტიკაში მოსვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG