Accessibility links

site logo site logo

თამარ მეარაყიშვილი: ახალგორის ორწლიანი იზოლაციის შედეგი მოსახლეობის თითქმის განახევრებაა


თამარ მეარაყიშვილი, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი

სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის შეფასებით, ახალგორის ორწლიანი იზოლაციის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა თითქმის განახევრებულია. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ თამარ მეარაყიშვილმა განაცხადა, რომ ეს უკვე ყველასათვის თვალშისაცემია:

„ამას სხვადასხვა აღწერებით, შიდა აღწერებით თვითონვე აღიარებენ მაგალითად მილიციის თანამშრომლები და ასევე მაღაზიის მეპატრონეებიც, რომელთაც ვაჭრობა შეუმცირდათ. სხვადასხვა გზებით დატოვა ადგილობრივმა მოსახლეობამ ახალგორი. ზოგმა ლეგალური გზებით, ზოგმა არალეგალური გზებით, ნაწილი გარდაიცვალა, სამწუხაროდ. მე მიჭირს ამ სიტყვის თქმა, მიმძიმს კიდეც, მაგრამ შევეჩვიეთ ამ მდგომარეობას, თითქოს ხალხი შეეგუა“, - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გზის გახსნის მიმართულებით მუშაობა უნდა გაააქტიუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგი დადგეს:

„ახალგორი რომ არ დაიცალოს, ამის საფასურად შეიძლება მოლაპარაკებები იმიტომ, რომ აქედან ვინც წავა, უკან მეეჭვება, დაბრუნდეს“, - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ბოლო დროს გააუმჯობესა ადგილობრივების დასაქმებისა და საპენსიო უზრუნველყოფის საკითხები და გაამარტივა იგივე თბილისის კლინიკებში მოხვედრის მსურველი ავადმყოფებისთვის გადაადგილება:

„ცოტა, ასე ვთქვათ, დათმობასავით გამოუვიდა ბიბილოვს, არ გახსნა გზა, მაგრამ საავადმყოფო გასცემს სამედიცინო დასკვნას და ამ დასკვნის საფუძველზე შეგიძლია წახვიდე თბილისში. არც ცნობისთვის არ არის ჩასვლა საჭირო ცხინვალში, არც საავადმყოფოშია წოლა საჭირო. არის გამონაკლისი შემთხვევები, მაგრამ ძირითადად ძალიან გამარტივებულია გადაადგილება თბილისის მიმართულებით. უკან დაბრუნება არის ცოტა გართულებული და ეს უკავშირდება პანდემიას, რადგან უკან დაბრუნების შემთხვევაში, ადამიანმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიაროს, შემდეგ დეზინფექცია და ასე შემდეგ უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა. მისი ინფორმაციით, ე.წ. გამარტივებული რეგულაციები საკმარისი არ არის და მათ შორის ექიმთან ვიზიტისთვის გასვლა რაიონიდან ერთჯერადია და მეორედ ვისაც დასჭირდა, ამის საშუალება აღარ მიეცა.

„მაგალითად, იყო ექიმისგან მოტანილი ცნობა, რომ ის საჭიროებს 6 თვის შემდეგ, 4 თვის შემდეგ განმეორებით ვიზიტს, მათ ჯერჯერობით არ აქვთ ამისი თანხმობა. და, ბუნებრივია, ოჯახებისგან უკვე მესამე წელი დაშორებით ცხოვრება რთულია და განსაკუთრებულად მთაში და სოფლებში“, - აღნიშნა თამარ მეარაყიშვილმა. იგი ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე ოჯახი აპირებს უახლოეს მომავალში ახალგორის დატოვებას:

„დაახლოებით 10-მდე, მე ვისაც ვიცნობ, რომლებსაც აქვთ მეურნეობა, ფერმერები, ასე ვთქვათ, აპირებენ, წლის ბოლომდე დატოვონ სახლები, გაყიდონ საქონელი... ბუნებრივია, ოჯახებისგან უკვე მესამე წელი დაშორებით ცხოვრება რთულია და განსაკუთრებულად მთაში და სოფლებში“, - აღნიშნა თამარ მეარაყიშვილმა.

გუშინ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას 2 წლის წინ ჩაკეტილი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გახსნისკენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც მოუწოდა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბერს დაკეტა. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ გზა არ გაიხსნება, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან აგვისტოს განთავსებულ საპოლიციო საგუშაგოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG