Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონში დაკავებული ამერიკის მოქალაქე თავისუფალია


ჯექსონ პოლ კრამერი
ჯექსონ პოლ კრამერი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპირებულ ჯავის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის ჯექსონ პოლ კრამერი თავისუფალია. სუს-ის ინფორმაციით, უკანონო დაკავების მომენტიდან გააქტიურდა ცხელი ხაზი, ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

„რამდენიმე წუთის წინ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ ამერიკის მოქალაქე, რომელიც ტურისტული მიზნით იმყოფება საქართველოში და უკანონოდ იქნა დაკავებული რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ. დაკავების მომენტიდანვე გააქტიურდა ცხელი ხაზი, მომხდარის შესახებ ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ამოქმედდა ყველა არსებული ბერკეტი და საშუალება, იმისთვის, რომ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე გადმოგვეყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და დროულად მომხდარიყო მისი უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლება“,- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ.

ის აღნიშნავს, რომ უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლების მიზნით ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა აშშ-ის მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება.

„მე გადავკვეთე საზღვარი, არ ვიცოდი ამის შესახებ, ვითარებიდან გამომდინარე, დავბრუნდი. ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ციხეში ვიყავი ეს დრო. მერე გამათავისუფლეს. კავკასიის რეგიონის მიმდებარედ ლაშქრობას ვგეგმავდი, შავი ზღვის მიმართულებით და ხელი შემეშალა ამაში საზღვარზე”,- გათავისუფლების შემდეგ აღნიშნა აშშ-ის მოქალაქემ ჯექსონ პოლ კრამერმა.

სუს-ის განცხადებით, მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

რამდენიმე საათის წინ ოსურმა მედიამ აშშ-ს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და ჯექსონ პოლ კრამერის პრესკონფერენციაც აჩვენა. კრამერი ამბობდა, რომ რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს და სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. საიდანაც ცხინვალის „კა-გე-ბე"-ს გადასცეს და დე ფაქტო დედაქალაქში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, კრამერი 26 აგვისტოს დააკავეს, მან დე ფაქტო იზოლატორში 11 დღე გაატარა. მისი დაკავება კი დე ფაქტო „კა-გე-ბე"-მ პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენა. ჯექსონ კრამერი წაიყვანეს ცხინვალის მუზეუმში და მე-5 სკოლასთან არსებულ სასაფლაოზე, რომელსაც „ქართული აგრესიის მსხვერპლთა" სასაფლაოს უწოდებენ. დე ფაქტო „კა-გე-ბე"კრამერის დაკავებას საქართველოს და ამერიკის პოლიტიკას უკავშირებს, რომლებიც არ ცნობენ სამხრეთ ოსეთის არსებობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG