Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეგვიძლია მტკიცედ ვივარაუდოთ, რომ საკლასო ოთახებში სწავლა 4 ოქტომბერს დაიწყება - ჯანდაცვის მინისტრი


ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ეპიდემიის უკან დახევის თვალსაზრისით სასიკეთო ცვლილებებია, ამიტომ ვარაუდობენ, რომ სწავლა საკლასო ოთახებში, როგორც დაანონსებული იყო, 4 ოქტომბერს განახლდება.

"სწავლის [საკლასო ოთახებში] დაწყება, ძირითადად, ეპიდემიის გავრცელებაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ეპიდემიის უკან დახევასთან მიმართებაში უკვე სასიკეთო ცვლილებები გვაქვს, აქედან გამომდინარე, უკვე თითქმის შეგვიძლია მტკიცედ ვივარაუდოთ, რომ სწავლა იმ დასახელებულ თარიღზე დაიწყება, რომელიც ჩვენ დავასახელეთ", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ იმედის დილაში. მისი განმარტებით, არ განიხილება ცალკეული სკოლებისთვის გამონაკლისის დაშვება, თუკი პედაგოგების და მშობლების უმეტესობა აცრილი იქნება. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სკოლების გახსნა ზოგად ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პედაგოგების აცრის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება თბილისში, რაჭასა და აჭარაში, თვალშისაცემად ცოტა მასწავლებელია აცრილი ქვემო ქართლში, სამცხესა და კახეთში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე მთავრობაში არ ფიქრობენ, რომ შეიძლება ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. ის თვლის, რომ მასობრივ ვაქცინაციაზე მნიშვნელოვანი მიზნობრივი ვაქცინაციაა.

"დავაკვირდით, რომელი ჯგუფი ავადდება ყველაზე მეტად და ასევე, რომელი ჯგუფის ჰოსპიტალიზაცია ხდება ყველაზე მეტად, და ჰოსპიტალიზებულთა შორის გამოიკვეთა ის ასაკობრივი გრადაცია და ასაკობრივი პირამიდა, რომელიც ჩვენ უკვე რამდენჯერმე განვმარტეთ - ეს არის 60 წელს ზემოთ მოქალაქეები და, რა თქმა უნდა, მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არა მასობრივი ვაქცინაცია, არამედ მიზნობრივი ვაქცინაცია იმისთვის, რომ მოხდეს როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე, ლეტალობის შემცირება", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG