Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჭიაბერაშვილი: მთავრობამ გვითხრა, რომ მისთვის რესტორანი უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე სკოლა


ზურაბ ჭიაბერაშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბავშვებმა სწავლის სკოლებში, საკლასო ოთახებში გაგრძელება შეძლონ. რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობამ უკონტროლოდ არ უნდა მიუშვას ეპიდსიტუაცია, რადგან რაც არ უნდა მომზადებული იყოს სკოლა, რთული ეპიდსიტუაციის პირობებში, ის ვერ გაიხსნება. მისივე თქმით, ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ მთავრობისთვის რესტორანი უფრო პრიორიტეტული აღმოჩნდა, ვიდრე სკოლა:

„არაფერს ვერჩი რესტორნებს, მინდა, რომ ყველას ჰქონდეს შემოსავალი, სამსახურები არ დაკარგოს, მაგრამ მთავრობამ დღეს რა გვითხრა, რომ ჩემთვის რესტორანი უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე სკოლა“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „საღამოს საუბრებში“. მისი თქმით, მთავრობა გადაწყვეტილებებს თავისი პოლიტიკური მიზნების შესაბამისად იღებს და გრძელვადიან შედეგებზე არ ფიქრობს:

„შესაბამისად, ასეთ უკონტროლობაში, როცა ღარიბაშვილს არ უნდა გაანაწყენოს ისინი, ვინც პირბადეს არ იკეთებს, არ უნდა გაანაწყენოს ისინი, ვინც ჯერჯერობით აცრაზე უარს ამბობს და ასე შემდეგ, მათ ხარჯზე ზარალდებიან ბავშვები. რატომ? იმიტომ რომ ასეთ უკონტროლო ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში სკოლები ვერ გაიხსნება. მეორე საკითხია თვითონ სკოლების მომზადება და აქ არა ვარ დარწმუნებული, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს. და ყველაზე მთავარი, რაც მინდა ვთქვა, რომ ათიათასობით ოჯახია, რომელსაც არა აქვს იმის საშუალება, რომ თავისი რამდენიმე სკოლის მოსწავლე შვილი სხვადასხვა ოთახში დასვას სხვადასხვა კომპიუტერზე და ინტერნეტზე, არა აქვს საშუალება, რომ თვითონ თუ სამსახურშია წასასვლელი, ძიძა აიყვანოს. ანუ ათიათასობით ოჯახისთვის სკოლის არგახსნა არის სერიოზული თავსატეხი, მაგრამ იმის გამო, რომ მთავრობა, ასე ვთქვათ, პროტესტს ვერ ხედავს, ამ პრობლემას საერთოდ უგულებელყოფს და ამით, რა თქმა უნდა, ჩვენი ბავშვები ზარალდებიან“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „საღამოს საუბრებში“. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ ბავშვებისთვის სკოლაში გაკვეთილებზე ფიზიკურად დასწრება მნიშვნელოვანია არა მარტო განათლებისთვის, არამედ სოციალიზაციისთვის და ფსიქიკის ჩამოყალიბებისთვის. მან საქართველოს მთავრობას შეახსენა ასევე WHO-სა და UNICEF-ის მოწოდებები სკოლების მიმართ, გაიხსნან და პანდემიისგან უსაფრთხო გარემო შექმნან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, იგივე რეგულაცია შეეხება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს.

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, იქნება დიფერენცირებული მიდგომა. იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, სწავლა 4 ოქტომბრის შემდეგ განახლდება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში ანუ დასწრებულ ფორმატში; სადაც 4%-ზე მაღალი იქნება, იქ გაგრძელდება დისტანციურ ფორმატში, მშობლებს ფორმატის არჩევის საშუალება კვლავ ექნებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG