Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ჰარცელი გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილის პირველი მოსმენით მიღებას


კარლ ჰარცელი
კარლ ჰარცელი

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შესახებ ილაპარაკა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. მისი თქმით, პარლამენტმა კენჭი უყარა რიგ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილის შეთანხმების მიღწევის შემდეგ იყო წარდგენილი.

დიპლომატმა გამოყო შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებების ის ნაწილი, რომლის შესრულებაზეც „ქართულმა ოცნებამ" უარი განაცხადა. „სამწუხაროდ, უარი ითქვა ძირითად ცვლილებაზე გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით.

ცვლილება შეეხებოდა საქართველოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესს, რომელიც მიზნად ისახავდა მარტივი უმრავლესობის კვალიფიციურ უმრავლესობამდე გაზრდას დანიშვნებისთვის ყველა პოლიტიკური პარტიის ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და მომავალში მხოლოდ ერთი პარტიის მიერ გენერალური პროკურორის დანიშვნის შესაძლებლობის რისკის შესამცირებლად. ეს იყო კიდევ ერთი საშუალება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ხარისხის გაზრდას. პრინციპები, რომელიც ამ ცვლილებას საფუძვლად ედო, ვენეციის კომისიის დიდი ხნის განმავლობაში არსებულ რეკომენდაციას ასახავდა.

„ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ, რომ მან 28 ივლისს საჯაროდ აიღო განახლებული ვალდებულება იმისა, რომ სასამართლო რეფორმების განხორციელება და ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიიღება მაინც მოხდებოდა", - აცხადებს ჰარცელი.

როგორც ელჩი ამბობს, ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ გასული წლის ივლისში უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შემდგომ დანიშვნებს, ისევე როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ დანიშვნებს, ეუთო/ODIHR-ის შეფასებით „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“.

ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ წინა კვირას, ევროკავშირის 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების არგადახდის კონტექსტში, ევროკავშირმა აღნიშნა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. ამრიგად, საქართველოს მიერ აღებული სასამართლო სისტემის რეფორმირების ვალდებულებების თვალსაზრისით დღევანდელი ცვლილებაზე უარის თქმა მესამე წარუმატებლობაა ამ ორი თვის განმავლობაში.

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ კანონის უზენაესობის სფეროში გარანტიების გაძლიერებას კვლავაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისათვის.

ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა პარტიას გაზრდილი ძალისხმევით ერთად იმუშაონ პარლამენტში ინკლუზიური პროცესის საშუალებით სასამართლო სისტემის ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად. ვიმეორებთ - მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განიხილა. „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა გენპროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებულ საკითხს.

პარლამენტმა 126 ხმით პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმად:

  • მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი;
  • მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG