Accessibility links

site logo site logo

კეზერაშვილის განაჩენის შესახებ პროკურატურა განცხადებას აქვეყნებს


საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ტელეკომპანა „ფორმულის" 51%-ის მესაკუთრის, დავით კეზერაშვილისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ განცხადებას აქვეყნებს გენერალური პროკურატურა. ის აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურის 2018 წლის 21 ივნისის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, გააუქმა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გამამართლებელი განაჩენი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვისათვის, დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურა აღწერს საქმის გარემოებებს. ბრალდების მხარის ვერსიით, „2008 წლის 10 იანვარს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა მასთან დაკავშირებული პირის - მისი მეგობრის ო.შ.-ს და ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ თანხების გაფლანგვის მიზნით, ყოველგვარი საფუძვლისა და კომპანიის შემოწმების გარეშე, გამოსცა ბრძანება ხსენებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. მანვე, სიტყვიერად დაავალა მასთან დაახლოებულ პირს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელ უფროსს ა. ნ.-ს, კომპანიის წარმომადგენელთან ხელშეკრულების უპირობოდ, სასწრაფოდ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, იმავე დღეს გაფორმება.

აღნიშნული დავალება შესრულებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების მოთხოვნების უხეში დარღვევით, კერძოდ, მან, იურიდიული პირის შეუმოწმებლად, შეთავაზებული მომსახურეობის საბაზრო ღირებულების შეუსწავლელად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სათანადო დეპარტამენტებთან შეუთანხმებლად და საბანკო და სხვა სახის გარანტიების მოთხოვნის გარეშე, ასევე „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვის არარსებობის მიუხედავად, იმავე დღეს, 2008 წლის 10 იანვარს, კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმიური საბრძოლო მომზადების შესახებ.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 5 685 000 ევროს ოდენობით, საიდანაც, დავით კეზერაშვილის დავალებით 5 060 000 ევრო გადაირიცხა კომპანიის ანგარიშზე, ხოლო კომპანიის მხრიდან სანაცვლოდ შესასრულებული ვალდებულება - სამხედრო წვრთნების ჩატარება - საერთოდ არ განხორციელებულა".

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. აღნიშნული სასჯელი, 2012 წლის 29 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განახევრდა და საბოლოოდ დავით კეზერაშვილს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლით და 6 თვით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ა.ნ.-ს, რომელიც თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, პროკურატურის განცხადებით, მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დარჩა ძალაში.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ აგრძელებს გამოძიებას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დანაშაულებრივად გაფლანგული, საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხული თანხების მოძიების, უკანონოდ დაუფლებული თანხების საბოლოო მესაკუთრეების დადგენისა და აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით.

კეზერაშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ სამი წევრის შემადგენლობით. ესენი არიან: შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე და მერაბ გაბინაშვილი.

2017 წელს სააპელაციო სასამართლომ კეზერაშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რომელიც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. იმ დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას შალვა თადუმაძე იკავებდა.

უზენაესი სასამართლოს გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს „ფეისბუკზე" გამოეხმაურა დავით კეზერაშვილი.

როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ „სამარცხვინო გადაწყვეტილებაზე" აუცილებლად მიმართავს სტრასბურგის სასამართლოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG