Accessibility links

site logo site logo

„სინოფარმის“ 100 ათასი დოზა საქართველოში 11 სექტემბერს შემოვა


საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა შაბათს შემოვა, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა მედიასთან საუბარში, ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. ვაქცინას საქართველო საჩუქრად მიიღებს „წითელი ჯვრისგან“.

„სასიხარულო ამბავი გვაქვს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ირჩევენ „სინოფარმს“. მადლობა „წითელ ჯვარს“, რომლისგანაც ჩვენ 100 ათას დოზა „სინოფარმს“ შაბათს მივიღებთ საჩუქრად. ეს მოგვცეს საშუალებას, რომ ორშაბათიდან კვლავ განახლდეს როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია. ჩვენ კვლავ ვრჩებით ფართო ასორტიმენტით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 7 სექტემბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 27 011 ადამიანი.

15 მარტიდან გაკეთებულია 1 366 678 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 856 956 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 30%. სრულად ვაქცინირებულია 509 722 - მოზრდილი მოსახლეობის 17.8%.

ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტისთვის საჭიროა, აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც. საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG