Accessibility links

site logo site logo

მიშელმა პუტინთან საუბრისას დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა


ფოტო არქივიდან: შარლ მიშელი და ვლადიმირ პუტინი

საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა იყო იმ საკითხებს შორის, რომლებზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ელაპარაკა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

დღეს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ მიშელმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ დაადასტურა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

მიშელმა და პუტინმა ილაპარაკეს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზეც და ბელარუსში არსებულ სიტუაციაზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინფორმაციით, მან და პუტინმა გაცვალეს მოსაზრებები სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებზეც, რასაც ნდობის განმტკიცება და დიალოგი სჭირდება. შარლ მიშელის თანახმად, მან დაგმო ბელარუსის მიერ არარეგულარული მიგრაციის იარაღად გამოყენება ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და რუსეთის პრეზიდენტმა განიხილეს ავღანეთში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები და მათი გავლენა მთელ რეგიონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG