Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი გალის რაიონში „ენგურჰესამდე“ მისასვლელი გზის რეაბილიტაციას აფინანსებს


ევროკავშირი ოკუპირებული გალის რაიონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფინანსებს. რაიონში შესაბამისი აბრაც განთავსდა. მასზე დატანილია ევროკავშირის დროშა და წარწერა – ინგლისურ და აფხაზურ ენებზე.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ საგზაო სამუშაოები „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

„მას შემდეგ, რაც 2021 წლის აპრილში წარმატებით დასრულდა ენგურჰესის გვირაბის შეკეთება, სამუშაოები გრძელდება მისასვლელი გზების რეაბილიტაციის, მექანიკური აღჭურვილობისა და რეზერვუარში (დაგროვილი) ნალექის მართვის მიმართულებით. პროექტის მიზანია სუფთა და მდგრადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის“, - უპასუხა რადიო თავისუფლებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა.

როგორც „ენგურჰესის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, საუბარია 14-კილომეტრიან მონაკვეთზე ენგურის ხიდიდან გალის რაიონში მდებარე „ენგურჰესის“ ინფრასტრუქტურამდე. გზა რამდენიმე სოფელზე გადის და განახლებული ინფრასტრუქტურით ადგილობრივი მოსახლეობაც ისარგებლებს.

„კეთდება ბეტონის საფარი. სამი კილომეტრი დაგებულია და წლის ბოლომდე (სამუშაოები) დასრულდება“, – ამბობს მებონია.

„ენგურჰესის“ რეაბილიტაციის პროექტი ევროკავშირის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 38 მილიონი ევროს ოდენობის სესხით დააფინანსა, ევროკავშირმა კი დამატებით 7 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG