Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გომელაური: არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია ამჯერად


ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელის დაკავების შესახებ ილაპარაკა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. მისი თქმით, თავდამსხმელი სხვადასხვა რაოდენობის თანხას მოითხოვდა, თუმცა ამჯერად შსს-ს მისი მოთხოვნა არ შეუსრულებია.

„დავაკავეთ, რა თქმა უნდა. იდენტიფიცირებულია. მადლობა ყველას. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, ასევე ბანკის თანამშრომლებს, ვინც იყვნენ შიგნით, მოქალაქეებს. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა, მადლობა ღმერთს. ასევე ყველაფერი ვეცადეთ, რომ ეს ადამიანის უვნებლად დაგვეკავებინა და პასუხისგებაში მიგვეცა“, - თქვა მინისტრმა და დაამატა, - „[თავდამსხმელი] სხვადასხვა თანხას ითხოვდა - ნახევარ მილიონს, ხან, ერთ მილიონს, ხან, 300 ათასს. არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია ამჯერად, ისე მოვახერხეთ“.

დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. ის თელავიდან არის და 1972 წელსაა დაბადებული.

„საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელი დააკავა 9 სექტემბერს შსს-მ. დაკავებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე კი ფილიალი თავდამსხმელის მიერ აყვანილმა ყველა მძევალმა დატოვა. ადგილზე მობილიზებული იყო საპოლიციო ძალები.

ტელეკომპანია „ფორმულის" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმოდა, რომ თავდამსხმელი ნახევარ მილიონს ითხოვდა.

ბოლო ერთ წელში საფინანსო დაწესებულებაში შეჭრის ეს პირველი შემთხვევა არ არის. ამ დრომდე არ არის დაკავებული თითქმის ერთი წლის წინ ზუგდიდში "საქართველოს ბანკში" შეჭრილი თავდამსხმელი, რომელმაც ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო. 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათისთვის ზუგდიდში ბანკში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის იმ დროინდელ დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად. საქმეზე ბრალდებულია ბადრი ესებუა, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG