Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიაში 10 სექტემბრიდან მთლიანად გაუქმდა კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა


დანიის დედაქალაქის, კოპენჰაგენის ხედი ზემოდან
დანიის დედაქალაქის, კოპენჰაგენის ხედი ზემოდან

დანიაში სრულიად გაუქმდა შეზღუდვები, რომლებიც დაწესებული იყო კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ამიერიდან ყოველგვარ მასობრივ თავყრილობაზე დასწრება შესაძლებელია „ვაქცინაციის ცნობის“ გარეშე.

თვის დასაწყისიდან აღდგა ღამის ცხოვრება წელიწადნახევრიანი შეზღუდვების შემდეგ, როცა ხალხს სთხოვდნენ ე.წ. კორონას პასპორტებს. ახლა ბარებში, დისკოთეკებში, ფიტნესცენტრებსა და სხვა დასასვენებელ არეალებში შესვლა თავისუფალია.

შეზღუდვების მოხსნა უკავშირდება კორონავირუსის ვაქცინაციის მაღალ დონეს. დანიაში სრულად არის აცრილი 12 წლის ასაკს ზემოთ მოსახლეობის 83 პროცენტი.

ამ დროს დანიაში შესვლისას შეზღუდვები არ გაუქმებულა. გერმანიიდან, უშუალოდ დანიის მოსაზღვრე რეგიონის გარდა, ჩამსვლელებმა უნდა წარადგინონ კორონავირუსის ტესტის შედეგი.

სექტემბრის ბოლოსთვის აუცილებელ შეზღუდვებს რეკომენდაციებით შეცვლის სკანდინავიის სხვა ქვეყანა - შვედეთი. ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა აგვისტოს ბოლოს განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზრდასრული მოსახლეობის 70 პროცენტი აცრილია, რაც, მისი თქმით, „მნიშვნელოვანი მიღწევაა“. ფონ დერ ლაიენი თვლის, რომ წინსვლა უნდა გაგრძელდეს და კიდევ მეტი ევროპელი აიცრას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG