Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგის ქარდავა: ჩემი საქართველოში ექსტრადირების პროცესი დაჩქარებულია და პოლიტიკური შეთანხმების აქტია


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას სახელით სოციალურ ქსელში გავრცელდა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მისი უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციის პროცესი დაჩქარებულია და მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების აქტია. საქართველოში სისხლის სამართლის არაერთ საქმეზე მსჯავრდებული მეგის ქარდავა განცხადებაში აღნიშნავს, რომ შეთანხმება უკავშირდება პოლიტიკური პატიმრების გაცვლას:

„[შეთანხმება] უკავშირდება პოლიტიკური პატიმრების, ჩვენი უკრაინელი ძმების ქოცხელისუფლების ტყვეობიდან დახსნას ანუ წარმოადგენს არაფორმალურ გაცვლას ორ სახელმწიფოს შორის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება "ქართული ოცნების" მიერ ტრადიციული რუსული ღვარძლისა და ზიზღის პროპაგანდაზე დაფუძნებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის. მიუხედავად ამისა, ვუსურვებ ჩვენს ძმებს უკრაინელებს და უკრაინას საერთო მტერზე რუსეთის ბოროტების იმპერიაზე გამარჯვებას და ერთიანი ძალისხმევით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. საქართველოს და უკრაინის ძმობას ვერასდროს შეარყევს რუსული ჰიბრიდული ომის მწარმოებელი ოლიგარქ ივანიშვილის რუსული მარიონეტული რეჟიმი, რომელსაც ქვეყნის გეგმაზომიერი ნგრევის, შუღლის, დაპირისპირების თესვისა და ცრუ დაპირებების გარდა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია საქართველოს მოსახლეობისათვის“, - წერს მეგის ქარდავა განცხადებაში, რომელსაც, პოსტის თანახმად, მისი მეუღლე ავრცელებს.

განცხადებაში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან თანამებრძოლებთან ერთად იდევნება საქართველოს ხელისუფლების მიერ:

„მოგეხსენებათ, წლებია რაც ჩემს თანამებრძოლებთან ერთად პოლიტიკურად ვიდევნები 2012-ის რუსული ჰიბრიდული კონტრ-რევოლუციის შედეგად ხელისუფლების სათავეში მოსული პუტინის ოლიგარქის ხელისუფლების მიერ ერთადერთი მოტივით: პოლიტიკური სარჩულით შეკერილი ბრალდებებით გავენეიტრალებინეთ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები, რაც გარდა იმისა, რომ ემსახურებოდა ვარდების რევოლუციის შედეგად განხორციელებული სასიცოცხლო რეფორმების დისკრედიტაციასა და სასიკეთო კვალის წაშლას, მთავარ მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუციების გეგმაზომიერ ჩამოშლას - რაც სახეზეა“, - ამბობს მეგის ქარდავა. დახმარებისთვის იგი მიმართავს სახალხო დამცველს. მისივე შეფასებით, სახალხო დამცველი ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტია, რომელიც „პუტინის ოლიგარქმა ივანიშვილმა ვერ დაიმორჩილა“.

„მივმართავ სახალხო დამცველს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დაიცვათ ჩემი ინტერესები და უსაფრთხოება, რათა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არ მიეცეს საშუალება პოლიტიკური დევნის პროცესში ჩემს წინააღმდეგ განახორციელოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური სახის ზეწოლები პოლიტიკური მოტივით შეკერილ საქმეებში ჩემგან ცრუ ჩვენებების მოპოვების მიზნით, რისი მოსალოდნელი მცდელობების მიუხედავად ბოლომდე დავრჩები ჩემი პრინციპებისა და სამშობლოს ერთგული“, - აღნიშნავს მეგის ქარდავა განცხადებაში.

საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მეგის ქარდავა დამნაშავედაა ცნობილი რამდენიმე, მათ შორის, „ციხის ბუნტის“, ნავთლუღის სპეცოპერაციის და პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეებზე და ყველა მათგანზე დაუსწრებლად აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.

არსებული ინფორმაციით, მეგის ქარდავას საქართველოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო და შესაბამისი გადაწყვეტილება მას უკვე ჩაბარდა.

უკრაინის სამართალდამცავებმა სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, მეგის ქარდავა 2017 წლის ნოემბერში დააკავეს. იგი ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი იყო, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ კი 2013 წლიდან იძებნებოდა.

XS
SM
MD
LG