Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ჩანაწერებზე: გამოძიება დაამუშავებს იმ ვერსიასაც, ხომ არ არის შესაძლებელი, გახარია ან ხოჯევანიშვილი იყვნენ ჩართულები


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდოდ სუს-ის მიერ მოპოვებული მასალების გავრცელების ფაქტის გამოძიების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ გამოძიება ყველა ვერსიას დაამუშავებს და მათ შორის იმას, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ყველაფერში ჩართული ყოფილიყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა და მოსმენების სამსახურთანაც ჰქონდა წვდომა:

„პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, რაც თქვენ მკითხეთ, რომ ხომ არ შეიძლება, თეორიულად ხომ არ არის გამორიცხული, ან შესაძლებელი, რომ ჩართული იყოს გახარია, ან ხოჯევანიშვილი, რომელიც, სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და წვდომა ჰქონდათ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ინფორმაციასთან და წვდომა ჰქონდათ, მათ შორის, მოსმენების სამსახურთანაც. ამაზე სპეკულირება მე არ მსურს. არ მსურს, რომ წინასწარ დასკვნები გავაკეთო იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი უნდა დაველოდოთ გამოძიებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა "დელტა ტექსტილის" სამკერვალო ფაბრიკაში ჟურნალისტებთან კომენტარში. ალექსანდრე ხოჯევანიშვილი პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი დამფუძნებელია. იგი ამ დროისათვის პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მრჩეველია ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემებისა და დეოკუპაციის საკითხებში.

რაც შეეხება ფაილების საქმის გამოძიებას, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გამოძიება დაადგენს, ეს მასალების ფაბრიკაცია იყო, ფალსიფიკაცია თუ კიდევ უფრო მძიმე დანაშაული.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს არის პირდაპირ შეთქმულება სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც იკვეთება დესტრუქციული ოპოზიციის, სააკაშვილის და "სხვა მოღალატეების" კვალი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო "შეთქმულებას" კანონის სახელით გასცემს პასუხს და ყველას და ყველაფერს დაარქმევს სახელს.

12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები სასულიერო პირებს ეხება.

ესაა სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.

პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. პროკურატურის თანახმად, გამოძიება დაიწყო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. რაც გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG