Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაწერებზე: ეს არის ბინძური პროვოკაცია სახელმწიფოს, ეკლესიის წინააღმდეგ


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინტერნეტში სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალების გავრცელებას მძიმე პროვოკაციად აფასებს და მას „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს. კასპში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენისას, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ მთავარი ინსტიტუტების დისკრედიტაციაა:

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იმ ძალიან მძიმე პროვოკაციას, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ეს არის მორიგი, ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, მამების, მღვდელმთავრების, მთლიანად ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ, რაც არის ქართველების მთავარი საფუძველთა საფუძველი – ჩვენი სარწმუნოების და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ.

არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის ამ მჩაგვრელი, ბოროტი ძალის მთავარი, ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია, როგორიც არის ეკლესია, თვითონ ჩვენი პატრიარქი, მღვდელმთავრები, მამები და ზოგადად მთელი სასულიერო პირები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, „ბინძური პროვოკაცია დაგეგმეს“ და შეტევა განხორციელდა ასევე ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო უწყების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პერმანენტულ ბრძოლას აწარმოებს ჯარის, პოლიციის სასამართლოს და ზოგადად ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტის წინააღმდეგ, რათა მათი დემორალიზება და სისტემის დისკრედიტება მოახდინოს:

„ჩვენ ეს, რა თქმა უნდა, კარგად გვაქვს გააზრებული. ჩვენმა ბრძენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, როგორ ანტიეროვნულ და, ამასთანავე, ანტიეკლესიურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან გვაქვს საქმე. შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ 9 წლის წინ ამ ადამიანების ჩაგვრას და მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას უარი უთხრა საბოლოოდ. ეს უარი დასტურდება შვიდი არჩევნების მეშვეობით, შვიდ არჩევნებში დადასტურდა ეს ვერდიქტი, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოიტანა. რა თქმა უნდა, კარგად ვიცით, რა მიზანს ემსახურება აღნიშნული პროვოკაცია, მაგრამ ჩვენ ძალიან მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ძალიან ძლიერად გავიმარჯვოთ და მტკიცედ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა და განვითარება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, შეთქმულებას სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ 2 ოქტომბერს არჩევნებზე ქართველი ხალხი ღირსეულ პასუხს გასცემს და „ქართული ოცნება“ ყველა ქალაქსა და ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს. მისი თქმით, პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობას ხელისუფლების მხრიდან ნულოვანი კომპრომისი მოჰყვება:

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება. ვიღაცეებს შეიძლება ჯერ კიდევ ჰქონდეთ ილუზია, მაგრამ არავითარი კომპრომისი არ იქნება, არავითარი. ნულოვანი კომპრომისი იქნება ნებისმიერ მცდელობაზე, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ ჩვენ ქვეყანაში. არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი, ყველა შეთქმულებაში მონაწილე ადამიანს და ყველა მოღალატეს და ჩვენი ქვეყნის მტერს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერნეტსივრცეში 12 სექტემბერს, გვიან, გამოჩნდა დოკუმენტები. საუბარია სამი ათასამდე დოკუმენტზე, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება. ვებგვერდის ბმული, რომელზეც ფაილები იყო განთავსებული, მედიებს გაეგზავნა სათაურით „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”.

არის ვარაუდი, რომ ინფორმაცია სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა, ვინაიდან განთავსებული დოკუმენტები შეიცავს შემდეგი შინაარსის მიმართვას:

ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს - ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით! ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის... ჩვენ არ გვადარდებს, რომ რუსეთის საშინელი სიბნელე მოდებულია ყველგან ყველაფერს საპატრიარქოში - ამას არც ვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ ჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენი ზრუნვის საგანი, მათი კომფორტი და უსაფრთხოება!.. აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას - გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა! მე არ მეძებოთ - ვერ მიპოვნით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG