Accessibility links

site logo site logo

სოსო გოგაშვილი: ეს მახინჯი სისტემა უნდა დაინგრეს!


სოსო გოგაშვილი

სუს-ის სავარაუდო ფაილების გავრცელების შესახებ „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა. ის წერს, რომ მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებებს.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც „ორგანიზატორმა” უგულვებელყო სახელმწიფო ინტერესები, ეკლესიის და უწმინდესის ავტორიტეტი. თავის მიზანს, გაანადგუროს ის და ამავდროულად დაშალოს „ოცნება“, გადააყოლა ყველა მთავარი ეროვნული ღირებულებები“, - წერს გოგაშვილი.

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე იხსენებს, რომ 2013 წლიდან იყო სისტემის ნაწილი. „ბუნებრივია, ვიცი მეთოდები, ბერკეტები, მოტივაცია და მიზნები ამ სისტემის მუშაობისა. ბუნებრივია, საზოგადოებისა და მედიის კითხვები კონკრეტული (ყოფილი, თუ ახლანდელი) მაღალჩინოსნების, მიმართ. ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ პოზიციას მოგახსენებთ. მერწმუნეთ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა ყველაზე მეტად ჩემს ინტერესებშია.

თუმცა იმასაც ნათლად ვაანალიზებთ, რომ ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში სიმართლის დადგენა გაჭირდება.

მე ჯერ კიდევ სისტემაში ყოფნისას, რამდენიმე წლის წინ, დავრწმუნდი, რომ საშიში ბოლშევიკური სისტემის მეთოდები კვლავ მოქმედებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა.

ამიტომ ეს მახინჯი სისტემა უნდა დაინგრეს! ყველა მოქმედი, თუ მომავალში შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაცია და მთელი სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს ამ ბოროტების ტყვეობისგან.

მაგრამ სისტემის დანგრევას არ უნდა შესწირო შენი ქვეყანა. მე ვიმეორებ ვიწყებ, ამ მახინჯი კედლის დაშლას, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაბან წყალს ბავშვი არ გადაყვება. დასანგრევი დაინგრევა და ჭუჭყი ჩაირეცხება.

მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გზა!“ - აცხადებს გოგაშვილი.

ის სუს-იდან ინფორმაციის გაჟონვას ტერორისტულ აქტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ცდილობს დაადგინოს ვინ განახორციელა ის. მისი შეფასებით, ეს ქმედება მიმართულია მთელი საზოგადოების წინააღმდეგ.

12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები სასულიერო პირებს ეხება.

ესაა სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.

პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. პროკურატურის თანახმად, გამოძიება დაიწყო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. რაც გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდოდ სუს-ის მიერ მოპოვებული მასალების გავრცელების ფაქტის გამოძიების საკითხზე საუბრისას დღეს, 15 სექტემბერს განაცხადა, რომ გამოძიება ყველა ვერსიას დაამუშავებს და მათ შორის იმას, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ყველაფერში ჩართული ყოფილიყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა და მოსმენების სამსახურთანაც ჰქონდა წვდომა. ჩანაწერების საქმესთან გიორგი გახარიასა და ალექსანდრე ხოჯევანიშვილის შესაძლო კავშირებზე მინიშნება ამ დღეებში "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებმაც გააკეთეს.

რაც შეეხება სოსო გოგაშვილს, მას მალხაზ მაჩალიკაშვილი ადანაშაულებს, მისი შვილის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ფიგურანტად. ამ საქმეზე გოგაშვილი პროკურატურაში გამოკითხეს. 2020 წლის 25 იანვარს, საქართველოს პროკურატურამ მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეს „მაჩალიკაშვილები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG