Accessibility links

site logo site logo

"მთავარი არხის" ოპერატორი ლევან აბლოთია კლინიკიდან სახლში გაწერეს


ოპერატორი ლევან აბლოთია

“მთავარი არხის“ ოპერატორი, ლევან აბლოთიას, რომელიც ქარელის "ევექსის" კლინიკიდან თბილისის, „ნიუ ჰოსპიტალში“ გადმოყვანის შემდეგ დამატებითი კვლევები ჩაუტარდა, სახლში გაწერეს.

"მთავარი არხის" ცნობით" ქარელში, "ქართული ოცნების" შტაბში მომხდარი თავდასხმის შედეგად, მას მოტეხილი აქვს მენჯ-ბარძაყი და ნეკნი, დაზიანებული აქვს ხელი და აღენიშნება დაბეჟილობები. ლევან აბლოთია მკურნალობას ბინაში გააგრძელებს.

„მთავარი არხის" ცნობით, მათი ოპერატორი ლევან აბლოთია, რომელიც ჟურნალისტ ბექა ყორშიასთან ერთად ქარელის მერობის კანდიდატზე, ზაზა გულიაშვილზე, სიუჟეტს ამზადებდა, „ქართული ოცნების" ქარელის ოფისის მეორე სართულის აივნიდან გადმოაგდეს. თავად კანდიდატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ოპერატორი კი არ გადააგდეს, არამედ თავად გადავარდა კიბის მოაჯირიდან და არა აივნიდან.

იგივე ვერსია განავითარა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მან მომხდარი ფაქტის კომენტირებისას თქვა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას. დეპუტატის განცხადებით, ეს არ ყოფილა სიმაღლიდან ვარდნა.

თავად ბექა ყორშიამ „მთავარი არხის“ ეთერში აბლოთიასთან დაკავშირებული ინციდენტი შემდეგნაირად ახსნა: „მოაჯირთან მიგვიმწყვდიეს და ორმა მათგანმა ხელი ჰკრა ლევანს და გადმოაგდო. დაენარცხა ძირს. მე მეგონა, რომ ყველაფერი მორჩა. რამდენიმე წამს თვალებს ვერ ახელდა და მეგონა, რომ გაითიშა. შემდეგ მითხრა, რომ ზურგი სტკიოდა საშინლად და ხელსა და ფეხს ვერ ამოძრავებდა“, - თქვა ბექა ყორშიამ.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) მიმდინარეობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG