Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი: ევროკავშირი მზად უნდა იყოს არ აღიაროს რუსეთის არჩევნები


ევროპის პარლამენტმა ოთხშაბათს დაამტკიცა ევროკომისიისთვის და ევროსაბჭოსთვის განსაზღვრული რეკომენდაციები რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე. დოკუმენტი მოიცავს მწვავე ფორმულირებებს რუსეთის ხელისუფლებასთან მიმართებით, სანქციების გამკაცრების მოთხოვნებს და ასევე საუბარს სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგის შესაძლო არაღიარების შესახებ. დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მისი შესრულება სავალდებულო არ არის.

კენჭისყრის შედეგები ხუთშაბათს გახდა ცნობილი. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 494-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 103, თავი შეიკავა 72-მა.

დოკუმენტში მოტანილია ადამიანის უფლებების და საერთაშორისო კანონის დარღვევის ბევრი შემთხვევა, რომლებსაც, ევროპარლამენტის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს - მათ შორის ყირიმის ანექსია, ევროკავშირის ქვეყნებში რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაციის გავრცელება, "უცხოეთის აგენტების" შესახებ მიღებული კანონი, ალექსეი ნავალნის მოწამვლა და დაპატიმრება, რეპრესიები პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ, ჩეხეთის ტერიტორიაზე მომხდარი დივერსია.

რუსეთს დოკუმენტში უწოდებენ "ევროპის კონტინენტის განუყოფელ ნაწილს", რომელსაც ევროკავშირთან აქვს ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და ადამიანური ურთიერთობები და აქვს დემოკრატიულ სახელმწიფოდ განვითარების პოტენციალი. ევროპარლამენტი ხედავს განსხვავებას "რუს ხალხს და პრეზიდენტ პუტინის რეჟიმს შორის, რომელიც წარმოადგენს სტაგნაციის პროცესში მყოფ, ავტორიტარულ კლეპტოკრატიას". დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ წარმოდგენილი ზომები მიმართულია რუსეთის ხელისუფლების, და არა რუსი ხალხის წინააღმდეგ. შესაბამისად, შემოთავაზებული სტრატეგია უნდა დაეფუძნოს როგორც კრემლის ნაბიჯების შეკავებას, ისე დიალოგს რუსეთის მოქალაქეებთან.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს გამოვიდეს მოწოდებით რუსეთის გამოთიშვისკენ SWIFT-ის სისტემისგან. ამასთან, დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის გამეორებული მოწოდება უარი ეთქვას 'ჩრდილოეთის ნაკადი 2'-ის სახელით ცნობილი გაზსადენის ექსპლუატაციას. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ მოწოდებას ბორის ნემცოვის მკვლელობის და ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემთხვევების გამოძიებისკენ.

ევროკავშირი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ არ ცნოს ლეგიტიმურად სახელმწიფო სათათბიროს კარსმომდგარი არჩევნები და რუსეთი გარიცხოს საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეებიდან, იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნებს გაყალბებულად და დემოკრატიული პრონციპების დარღვევით ჩატარებულად მიიჩნევენ - ვკითხულობთ ევროპარლამენტის მიმართვაში. დოკუმენტში ასევე გამოთქმულია მოწოდება კრიტიკას დაექვემდებაროს ვლადიმირ პუტინის მცდელობა პრეზიდენტის პოსტზე დარჩეს 2024 წლის 7 მაისის, ანუ მიმდინარე ვადის ამოწურვის შემდეგაც.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროპარლამენტი ამტკიცებს რეზოლუციას რუსეთის ხელისუფლების მიმართ მკაცრი ზომების გატარების მოწოდებით. როგორც წესი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების რეალური პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით გაცილებით უფრო რბილია ხოლმე.

რუსეთში არჩევნები 17-19 სექტემბერს არის დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG