Accessibility links

site logo site logo

ხოჯევანიშვილი წულუკიანს მიმართავს, თავის "საკურატორო სფეროებს მიხედოს"


ფოტო არქივიდან: ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) უფროსის ყოფილი მოადგილე, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ სუს-ში მუშაობისას არასდროს ყოფილა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი:

„მინდა მივმართო თეა წულუკიანს, მის საკურატორო სფეროებს მიხედოს, რომ სხვის ძიებაში უცებ არ ჩამოეშალოს“.

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 14 სექტემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკრიტიკა გიორგი გახარიას პარტიის წევრთა განცხადებები, რომ მედიით გავრცელებულ, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ გაკეთებულ ფარულ ჩანაწერებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პოლიტიკურმა ხელისუფლებამ:

„როდესაც რამდენიმე თვე და წელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მსახურობ და როდესაც ამ სამსახურის უფროსის მოადგილე შენი თანაგუნდელია და კურირებს ფარულ ოპერატიულ საქმიანობას, მათ შორის მიყურადებებს, ვგულისხმობ, ბატონ ხოჯევანიშვილს, როდესაც ყველა მათგანის ხელმძღვანელია ბატონი გახარია და იმ დროს, მათ შორის ჩემიც იყო, მე რომ ჩუმად ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ ამნეზია მჭირს“.

ფარული ჩანაწერების გავრცელების გამოძიების კონტექსტში, 15 სექტემბერს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ახსენა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.

თავად ალექსანდრე ხოჯევანიშვილი მედიისთვის კომენტარში ამბობს, რომ რაც დღეს ხდება, ძალიან მძიმეა და აზიანებს ქართულ სახელმწიფოს, ეკლესიას, სახელმწიფო უწყებებს და ამ საკითხზე ჭორაობას არ აპირებს.

ხოჯევანიშვილის თქმით, აუცილებელია ჩატარდეს გამჭვირვალე, ღია გამოძიება, ჯერ დადასტურდეს გავრცელებული დოკუმენტების ავთენტიკურობა, გაირკვეს, რა არის სიმართლე და რა არა, და დასკვნები ამის შემდეგ გაკეთდეს: „ვიქნები პირველი ადამიანი, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება და გავაკეთებ ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ ამ ყველაფერს ფარდა აეხადოს“.

12 სექტემბერს, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი სასულიერო პირების შესახებ.

14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG