Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ნარკოტესტზე უარის გამო ექსპერტიზის ბიუროსადმი უნდობლობის გაღვივებაში ადანაშაულებს


"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ნარკოტესტზე უარით პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უნდობალობა გამოუცხადა.

მისი ეს პასუხი, მოჰყვა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დასმულ კითხვას - თუ გიორგი გახარიას „კოკაინშიკად“ მოისხსენიებს პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამის დაამადასტურებელ ინფორმაციას რატომ არ წარმოადგენს.

ყველაზე სამწუხარო, ჩემთვის პირადად, ამ ყველაფერში არის ის რომ, გიორგი გახარიამ, ადამიანმა, რომელიც იყო ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი , იყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უნდობლობა გამოუცხადა ამ ქვეყნის დამოუკიდებელ საექსპერტო დაწესებულებას სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნულ ბიუროს, მან როგორც ყოფილმა შს მინისტრმა ძალიან კარგად იცის რა როლი აქვს მათ შორის გამოძიების საკითხში, რამდენად მნიშვნელოვანია ნდობა ამ ინსტიტუტუს მიმარ და რამდენად ანტისახელმწიფებრივია, როდესაა ის ცდოლობს ძირი გამოთრახოს ნდობას ამ ინტიტუციის მიმართ“.- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დღის თემა“-ში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში გიორგი გახარიამ საკუთარ გუნდს, ქვეყანას უღალატა, სჯობს, სხვა თემებზე ვისაუბროთ ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც „კოკაინშიკზე“ დავხარჯოთ დრო.

15 წუთი ვლაპარაკობთ ვიღაცაზე, ვისაც არანაირი შანსი არ აქვს, რომ თუნდაც ორნიშნა მაჩვენებელი აიღოს ამ არჩევნებში. დღეს ჩვენ კონკურენცია გვაქვს იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვისთანაც ეს არის ალიანსში. სჯობს, სხვა თემებზე ვისაუბროთ ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც „კოკაინშიკზე“ დავხარჯოთ 15 წუთი. ამაში ვგულისხმობ იმას, ვინც ვერ გაბედა ტესტის ჩაბარება, შემდეგ მას სოლიდარობა გამოუცხადა ნიკანორ მელიამ და მანაც აღარ ჩააბარა ტესტი, მიუხედევად იმისა, რომ იქამდე მზადყოფნა გამოცხადებული ჰქონდა. დღეს მთავარი თემა არის ის, რომ არ უნდა დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში, რისი ერთი პატარა ჭანჭიკი არის ამ შემთხვევაში გახარია. იმის მაგივრად, რომ ვისაუბროთ მთავარ პრობლემაზე, ვსაუბრობთ ვიღაც ჭანჭიკზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გუშინვე მედიასთან საუბარში ირაკლი კობახიძემ თქმა, რომ, პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარით „პრაქტიკულად ხელის მოწერა მის ნარკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით" არსებულ საკითხს.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ინიციატივას ნარკოტესტირების გავლის შესახებ, გამოეხმაურა გიორგი გახარია, პარტიის „საქართველოსთვის“ კანდიდატი. როგორც მან თქვა, გეგმავს, ნარკოტესტირება ჩაიტაროს ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ამ გადაწყვეტილების მიზეზიც დაასახელა.

„ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია პირდაპირ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა „ოცნების“ ბოსების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით", - თქვა გახარიამ.

გიორგი გახარია ამბობს, რომ უცხოეთში ნარკოტესტირებას თმის ღერის საფუძველზე ჩაიტარებს.

პარტიის „საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. ის მიიჩნევს, რომ განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს მას აქვს „უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაგეგმილ პროვოკაციაზე“, ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტობრივი მოცემულობის გარეშე არის უაღრესად დამაზიანებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ და მიზნად ისახავს ბიუროს და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას.

„ყველანაირად სუფთა ვარ“, - ეს სიტყვები თქვა კახა კალაძემ ნარკოტესტირების ჩატარების შემდეგ და კონკურენტებსაც ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდა. 11 სექტემბერს ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეს მოწოდება ხომ არ არის კომპრომატებით ბრძოლა პოლიტიკოსებს შორის, კალაძემ ასე უპასუხა: „კომპრომატი რა შუაშია? გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებული ადამიანია?“

კალაძემ ასევე თქვა, რომ არავინ გაითვალისწინა მისი მოწოდება, დედაქალაქის მერობის კანდიდატებს ჩაებარებინათ ნარკოტესტი და ამით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის შეეწყოთ ხელი. „შესაბამისად, ამ თემაზე საუბარს აღარ აპირებს“, - დაამატა მან.

საქართველოს კანონმდებლობით მერობის კანდიდატს არ აქვს ნარკოტესტირების გავლის ვალდებულება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG