Accessibility links

site logo site logo

მეგის ქარდავა 5 საქმეზეა მსჯავრდებული, მათ შორის არის სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედებები


საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე უკრაინიდან ექსტრადირებული მეგის ქარდავას საქმეების შესახებ გენერალურმა პროკურატურამ ბრიფინგი გამართა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავას მიმართ ხუთ საქმეზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო ექვსი სისხლის სამართლის საქმე განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

  • მეგის ქარდავა მსჯავრდებულია: ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე

„2006 წლის 12 იანვარს ქ. თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თითქოსდა რუსთავის N1 ციხეზე თავდასხმის და პატიმართა გაქცევის აღსაკვეთად ჩატარებული ე.წ. სპეცოპერაციისას, განახორციელეს სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა. იმავე დღეს, ჩატარებული სპეცოპერაციის და პატიმრების გაქცევის შესახებ გამოგონილი ამბის დამაჯერებლად წარმოჩენის მიზნით, იმ დროისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების დირექტორმა მ.ქ.-მ დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, რუსთავის N1 დაწესებულებაში, აწამეს პატიმრები. პატიმართა მიმართ სასტიკი ძალადობა გაგრძელდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში გადაყვანის პროცესში და ამ დაწესებულებაში მათი მიყვანის შემდგომაც“, - ნათქვამია განაჩენში.

  • მეგის ქარდავა მსჯავრდებულია: ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე

„პატიმართა მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა“.

  • მეგის ქარდავა მსჯავრდებულია: სერგო თეთრაძის საქმეზე

„პატიმართა მიმართ განხორციელებული წამების, წამების ორგანიზების, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე, 143-ე, 1441-ე და 333-ე მუხლებით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა“.

  • მეგის ქარდავა მსჯავრდებულია: ე.წ. კასრების საქმეზე

„სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე, 143-ე და 1441-ე მუხლებით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა“.

  • მეგის ქარდავა მსჯავრდებულია: დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე

„პირის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა“.

  • მეგის ქარდავა მსჯავრდებულია: დაკავებული ქალის საქმეზე

„განაჩენით დადგენილია, რომ 2009 წლის 24 იანვარს, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მყოფმა მ.ქ.-მ ისარგებლა რა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, დაკავებულ ქალს სცემა, დაამცირა და ჩააყენა არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში და მიაყენა მას მორალური ტანჯვა“.

სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, მეგის ქარდავას სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა.

გარდა ხსენებული საქმეებისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მეგის ქარდავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელიც შეეხება სამი პატიმრის მიმართ განხორციელებულ წამებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლით.

ქარდავა, ასევე ბრალდებულია წამების გზით, დაკავებული პირისგან ტერორისტული აქტის განხორციელების მოთხოვნის საქმეზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ასევე, მიმდინარეობს მეგის ქარდავას ბრალდების საქმის არსებითი განხილვა, რომელიც შეეხება ჯგუფურად და შეკვეთით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.

„2012 წლის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მ.ქ.-მ შურისძიების მოტივით შეუკვეთა ქალაქ მოსკოვში მცხოვრები პირის მკვლელობა, რაც 2012 წლის 21 მაისს სისრულეში იქნა მოყვანილი“, - აცხადებს პროკურატურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, აგრეთვე, განიხილება ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეეხება მეგის ქარდავას მიერ 2011-2012 წლებში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში, სახელმწიფოს კუთვნილი 828 000 ლარის მითვისებას და გაფლანგვას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით.

საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის უკრაინელ კოლეგებს წარმატებული თანამშრომლობისთვის. მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება 17 სექტემბერს მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG