Accessibility links

site logo site logo

რუსეთის არჩევნები დარღვევების შესახებ ცნობების ფონზე მიმდინარეობს


რუსეთის სამდღიანი არჩევნების მეორე დღეს ისმის ჩივილი ფართომასშტაბურ დაღვევებზე, იმ ფონზე, როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ხმის მიცემის ბოტი პოპულარული აპლიკაცია Telegram-იდანაც გაქრა, Apple-ისა და Google-ის მსგავსი ნაბიჯების შემდეგ.

გავრცელებული მოლოდინით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს მმართველი, კრემლის მიერ მხარდაჭერილი პარტია "ერთიანი რუსეთი", მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ რეპრესიები განახორციელა კრიტიკულ ხმებზე, ბიულეტენებიდან მოიხსნენ კრემლის ხმამაღალი კრიტიკოსები, ზეწოლა იყო დამოუკიდებელ მედიაზე.

კენჭისყრის პირველ დღეს, დამოუკიდებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაცია Golos-მა აღრიცხა 2000-მდე პროცედურული დარღვევა, რომლებიც ხმების მოსყიდვაზე მიანიშნებდა. Golos-ის თანახმად, საარჩევნო უბნებზე მასობრივად მიდის უნიფორმებში ჩაცმული ხალხი, რაც მიანიშნებს, რომ მთავრობა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების მობილიზაციას ახდენს, რათა მმართველი პარტიის გამარჯვება უზრუნველყოს. არის ცნობები ერთი და იმავე პირების მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემასა და საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრაზე.

კენჭისყრაზე დგას პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო დუმის 450-ვე ადგილი, პარალელურად ათობით რეგიონში იმართება ადგილობრივი არჩევნები. წინასწარი შედეგები გამოცხადდება 19 სექტემბერს, საარჩევნო უბნების დახურვიდან მალე.

ბოლო თვეებში ხელისუფლებამ გააძლიერა ზეწოლა ნავალნის მოკავშირეებზე და დიდი ძალისხმევა მოახმარა Smart Voting-ის შევიწროებას - აპლიკაციის, რომელსაც ოპოზიცია მიიჩნევს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის საშუალებად განსაზღვრონ "ერთიანი რუსეთის" წარმომადგენლის დამარცხების ყველაზე დიდი შანსის მქონე კანდიდატები, მაშინაც კი, თუკი ალტერნატიული კანდიდატი რომელიმე ძირითად პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის.

არჩევნებმა სტარტი 17 სექტემბერს აიღო, და ნავალნის საარჩევნო აპლიკაცია გაქრა Apple-ისა და Google-ის საინტერნეტო მაღაზიებიდან. ნავალნის მოკავშირეები ამას ცენზურად და ზეწოლაზე დამორჩილებად მიიჩნევენ. Telegram-მაც მოხსნა Smart Voting-ის ბოტი, და განაცხადა, რომ კომპანია "შეზღუდავს საარჩევნო კამპანიებთან დაკავშირებული ბოტების მუშაობას".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG