Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მმართველი პარტია, ერთიანი რუსეთი, არჩევნების წინასწარი შედეგით კომფორტული უმრავლესობის შენარჩუნების გზაზეა


კრემლის მიერ მხარდაჭერილი, მმართველი პარტია ერთიანი რუსეთი არჩევნების წინასწარი შედეგებით პარლამენტის ქვედა პალატაში კომფორტული უმრავლესობის შენარჩუნების გზაზეა, როგორც მოსალოდნელი იყო. რუსეთში არჩევნები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დარღვევების და ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის შესახებ ცნობების ფონზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ბიულეტენების თითქმის 13 პროცენტის დათვლის შემდეგ ერთიან რუსეთს, რომელიც ძლიერად უჭერს მხარს ვლადიმირ პუტინს, ხმების 40 პროცენტზე ცოტა მეტი აქვს, მას მოსდევს კომუნისტური პარტია, დაახლოებით 24 პროცენტით. მესამე ადგილზეა ნაციონალისტური ორიენტაციის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, ხმათა დაახლოებით 9 პროცენტით. ელექტრონული კენჭისყრის შედეგები ჯერჯერობით დათვლილი არ არის.

ორგანიზაცია INSOMAR-ის მიერ ჩატარებულმა ეგზიტ პოლმა ერთიან რუსეთს ხმათა 45,2 პროცენტი მიაკუთვნა, კომუნისტებს 21, ლიბერალ-დემოკრატებს - 8,7 პროცენტი.

არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებდა ოპოზიციის დიდი ნაწილი, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ყველაზე ხმამაღალ კრიტიკოსთან, ამჟამად პატიმრობაში მყოფ, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს ექსტრემისტულის სტატუსი შეუფარდა. არჩევნებს თან ახლდა დარღვევების შესახებ გავრცელებული ბევრი ცნობა, მათ შორის ინფორმაცია საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის შესახებ.

პარტიული სიების და ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების კომბინირებული სისტემის გამო, ჯერჯერობით გაურკვეველია როგორ განაწილდება შედეგები სახელმწიფო დუმაში არსებულ ადგილებზე. ერთიანი რუსეთი, რომელიც 450-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 334 ადგილს ფლობს, სავარაუდოდ შეძლებს გადამწყვეტი უმრავლესობის შენარჩუნებას, რაც მას კონსტიტუციის შეცვლის საშუალებას აძლევს.

მაგრამ ერთიანი რუსეთის პოპულარობა დაცემულია, დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვებით მისი მხარდაჭერა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ორი ათწლეულის განმავლობაში, მისი დაარსების პერიოდიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG