Accessibility links

site logo site logo

ბათუმში ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად გამოკვლევების დაწყება იგეგმება


აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ 20 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად მალე კვლევები დაიწყება.

„კუნძულს რაც შეეხება, ძალიან მალე ნახავთ როგორ დავაანონსებთ, როგორ დაიწყება კვლევები და როგორ აშენდება, ისევე როგორც ძალიან ბევრი პროექტი“, - თქვა რიჟვაძემ.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, კვლევების ჩატარება სამომავლოდ თუ იგეგმება, როგორ შეიძლება დარწმუნებით ლაპარაკი პროექტის განხორციელებაზე, თორნიკე რიჟვაძე პასუხობს, რომ ის გულისხმობდა ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს: „ყველა პროექტის განხორციელების წინ ტარდება ე.წ. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, „Feasibility Study“, როგორც მას უწოდებენ. საკმაოდ კარგი პერსპექტივებია, რომ ეს პროექტი იყოს კომერციულად მიმზიდველი. სახელმწიფო აქ იქნება მხოლოდ კონცენსის გამცემი და კერძო ინვესტიციით მოხდება ამ ყველაფრის აშენება. ამიტომ სახელმწიფი მინიმალურ რისკებს აიღებს საინვესტიციო და ფინანსური თვალსაზრისით“.

ჯერჯერობით უცნობია, გამოკვლევები კონკრეტულად სად ჩატარდება. ბათუმში დაგეგმილ პალმის ფორმის ხელოვნურ კუნძულზე დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება და არც კითხვებს პასუხობენ. აჭარის მთავრობის პრესამსახურში კი აცხადებენ, რომ უფრო მეტი ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ადგილობრივი ხელისუფლება პროექტის პრეზენტაციას გეგმავს.

აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელი, ჯაბა სურმანიძე, „ფეისბუკის" პირად გვერდზე აქვეყნებს ფოტოებს და წერს: „როგორი იქნება ხელოვნური კუნძული ბათუმში (პირველადი ვერსია)".

ხელოვნური კუნძულის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თავდაპირველად 19 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ პროექტზე დიზაინერთა და არქიტექტორთა საერთაშორისო ჯგუფი იმუშავებს: „მოვიწვევთ საერთშორისო არქიტექტორებს, დიზაინერებს, მშენებლებს და როგორც კი კონკრეტული ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა დამტკიცდება, უკვე ძალიან მალე დაიწყება მისი მშენებლობა. რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს იქნება ერთი მხრივ უნიკალური პროექტი თავისი მნიშვნელობით და შევძლებთ მსოფლიო პროგრესს უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და ზღვაშიც შევძლოთ ახალი ტურისტული ლოკაციის გაჩენა და ამას, რა თქმა უნდა, დაემატება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და სამუშაო ადგილები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG