Accessibility links

site logo site logo

ახალი ქართული კინო


„ამ ბოლო დროს მასმედიის საშუალებებში აქა-იქ გაისმა კრიტიკა, თითქოს კინოცენტრმა თავისი თავი ამოწურა. კრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ მის დადებითი როლს კინოინდუსტრიაში და საუბრობენ მის გაუქმებაზე ან რეორგანიზაციაზე. ყველა ეს ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა და არ არის არგუმენტირებული, აშკარად ჩანს, რომ კინოცენტრის კრიტიკოსებს არ აქვთ არც ალტერნატიული კონცეფცია, არც რეორგანიზაციის კონკრეტული გეგმა, არც რამე სხვა იდეა“.

ესაა ნაწყვეტი ეროვნული კინოცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის განცხადებიდან. ავტორის შეშფოთებული ტონი კინემატოგრაფისტთა ნაწილმა კულტურის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანის დანიშვნას დაუკავშირა. მინისტრი არ დაესწრო ბაკურიანში გამართულ კინოფორუმს „ნახე პირველად ბაკურიანში“, სადაც, ტრადიციულად, ახალ ქართულ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს უჩვენებენ. ოფიციალური პრემიერის წინ მოწყობილი სეანსების შემდეგ კინემატოგრაფისტები ამ ფილმებზე, ასევე ზოგადად ქართული კინოს პრობლემებზე მსჯელობენ.

ქართული კინოს ფორუმში მონაწილეობდა რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გიორგი გვახარია, რომელმაც ჩაწერა ინტერვიუების სერია ქართველ რეჟისორებთან, მსახიობებსა და პროდიუსერებთან.

“მზიური” - ინტერვიუ რეჟისორ ქეთი მაჭავარიანთან


ამ დოკუმენტური ფილმის გმირი სოციალური მკვლევარია. მზიური გოგიჩაიშვილი კარდაკარ დადის და თბილისელებთან საუბარში ცდილობს მიიღოს პასუხი სხვადასხვა კითხვაზე - პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის შესახებ. ხვდება განსხვავებული სოციალური ფენის, ასაკის, გემოვნებისა და მრწამსის ადამიანებს, რათა მოამზადოს მასალა დიდი სოციოლოგიური კვლევისთვის და გასცეს პასუხი კითხვას - "ვინ ვართ ჩვენ? და რა გვაქვს საერთო?". ფილმის ნახვის შემდეგ ამ კითხვას ჩაუფიქრდება მაყურებელიც, რომელიც აუცილებლად შეიყვარებს ახალი ქართული დოკუმენტური ფილმის გმირს და მის გულწრფელ რესპონდენდებს.

“მზიური” - ინტერვიუ რეჟისორ ქეთი მაჭავარიანთან
please wait

No media source currently available

0:00 0:11:35 0:00

“დასაწყისი” - ინტერვიუ მსახიობ ია სუხიტაშვილთან

"დასაწყისი" (რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი) - სან-სებასტიანის კინოფესტივალის 4 მთავარი პრიზით აღნიშნული ეს სურათი გასული წლის კინემატოგრაფიული ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. რეჟისორი ქალები ბოლო წლებში ისედაც "ქმნიდნენ ამინდს" ქართულ კინოში, თუმცა "დასაწყისი" უკვე ღიად გამოხატავს პატრიარქალური სივრციდან ქალის განთავისუფლების პროცესს, რაც მტკივნეულია და, სამწუხაროდ, უმსხვერპლოდ ვერ ჩაივლის. და მაინც, ფილმის გამარჯვება განაპირობა არა იმდენად გამოხატვის ენამ (რომელიც ნამდვილად არაა ორიგინალური), რამდენადაც მთავარი როლის შემსრულებელმა, მსახიობმა ია სუხიტაშვილმა. მერაბ კოკოჩაშვილის "დიდი მწვანე ველის" შემდეგ, - ამ სურათში ქალის როლი ლია კაპანაძემ შეასრულა, - მე არ მახსოვს ასეთი ღრმა, იდუმალებით მოცული და ასეთი ეროტიკული სახე ქართულ კინოში.

“ მკვდარი სულების არდადეგები”- ინტერვიუ იდეის ავტორ კოტე კალანდაძესთან და პროდიუსერ ელენე მარგველაშვილთან

"მკვდარი სულების არდადეგები" (რეჟისორი კეკო ჭელიძე) ესაა დოკუმენტური ფილმი 45 წლის მუსიკოსზე, ლევან სვანიძეზე, რომელსაც იცნობს ყველა, ვისაც უყვარს 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა, განსაკუთრებით როკჯგუფი "ამორალი", რომელშიც ლევანი ბასგიტარაზე უკრავდა. ვშიშობ, ახალგაზრდა თაობამ ბევრი არაფერი იცის ლევანზე, რომელიც ახლაც წერს მუსიკას. მაგრამ "მკვდარი სულების არდადეგები" არაა მხოლოდ წესიერი, თუმცა ეკონომიკურად გაჭირვებული კაცის პორტრეტი, ავტორების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოახერხეს კონკრეტულიდან ზოგადზე გადასვლა, თანაც ისე, რომ არ დაკარგეს კონტაქტი კონკრეტულთან, რაც დოკუმენტურ კინოში ბევრს არ გამოსდის.

“პაპანაქება” - ინტერვიუ რეჟისორთან და მსახიობთან თორნიკე გოგრიჭიანთან

"პაპანაქება" (რეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანი) - თორნიკე გოგრიჭიანს, პოპულარულ მსახიობს, თავის ფილმში ვერ ვიხილავთ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "პაპანაქება" აბსოლუტურად მსახიობის კინოა - სწორედ მსახიობმა იცის ყველაზე კარგად რა ჭირდებათ მის კოლეგებს როლში შესაღწევად. კინოშიც და თეატრშიც. ეგაა რომ ამბავი, რომელიც თამაშდება ამ შესანიშნავ "შავ კომედიაში" იმდენად ტიპურია, რომ პერსონაჟების გათავისებას დიდი ძალისხმევა არც ჭირდება. თავად განსაჯეთ: და-ძმას,არც ერთი მათგანი არაა უკვე ახალგაზრდა და ცხოვრებისეული გამოცდილება არც ერთს არ უნდა აკლდეს, საავადმყოფოდან მომაკვდავი დედა გამოჰყავთ. ქალი ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ პანაშვიდისთვის მზადება უკვე იწყება... სიკვდილის, უფრო სწორად სიკვდილთან დაკავშირებული რიტუალის ასეთი "მასხრად აგდება" მხოლოდ თავისუფალ და ნიჭიერ ხელოვანს შეუძლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG