კვლავაც დაძაბული ვითარებაა სერბეთსა და კოსოვოს შორის მდებარე ორ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, სადაც კოსოვოელ სერბებს მეორე დღეა, გადაკეტილი აქვთ ტრანსპორტის მოძრაობა. კონფლიქტი წარმოიშვა მანქანების სანომრე ნიშნებთან დაკავშირებით, რაც ნაწილია სუვერენიტეტის თაობაზე უფრო ფართო მასშტაბის დაპირისპირებისა.
გუშინ ასობით კოსოვოელი სერბი მივიდა მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანებით იარინიესა და ბრნიაკის საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან და გააპროტესტა კოსოვოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, დროებით მოხსნას მანქანებს სერბეთის სანომრე ნიშნები, როცა ისინი კოსოვოში მოძრაობენ.
კოსოვოს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, მაგრამ ამ უკანასკნელებმა მაინც გააგრძელეს სასაზღვრო პუნქტებისკენ მიმავალი გზების ბლოკირება. აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფმა საზღვართან კარვებში გაატარა ღამე.
დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც კოსოვოს ხელისუფლებამ პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები და ჯავშნიანი მანქანები გაგზავნა სასაზღვრო რეგიონში. პრიშტინა აცხადებს, რომ ეს „საპასუხო“ ნაბიჯია. სერბეთის პოლიცია კოსოვოში რეგისტრირებულ ავტომანქანებს სერბეთის ტერიტორიაზე შესვლისას წლების განმავლობაში ხსნიდა სანომრე ნიშნებს.