Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ ეთანხმება ბანერების შეცვლას შეუთანხმებლად


დაავადებათა კონტროლის ცენტრი შპს „ალმას“ პასუხობს და ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების აღდგენისკენ მოუწოდებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ცენტრისთვის გაუგებარია შპს „ალმას“ განცხადება, თითქოს 3 ადგილას ბანერი დაავადებათა კონტროლის ცენტრთან შეთანხმებულად გამოიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიზანშეუწონლად მიიჩნევს ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების შეცვლას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ვადის გაგრძელების თაობაზე თავად ცენტრს არ მიუმართავს შპს „ალმასთვის“.

„თავს უფლებას ვაძლევთ გიპასუხოთ თქვენს განცხადებაზე, სადაც აღნიშნავთ, რომ თქვენ ბანერების განთავსების დაპირებული სამთვიანი ვადა კეთილსინდისიერად შეასრულეთ და სახელშეკრულებო ვალდებულებები ამოწურეთ. კიდევ ერთხელ განვმარტავთ რომ, ფართო საკომუნიკაციო კამპანია სასიცოცხლოდ აუცილებლია მოსახლეობის ინფორმირებისთვის, რომ ვაქცინაცია არის მნიშვნელოვანი და უსაფრთხო, ვადასტურებთ იმასაც, რომ ქვეყნის მასშტაბით თქვენს მიერ, ამ შინაარსის არაერთი ბანერია განთავსებული, მაგრამ განვმარტვთ, რომ ცენტრსა და შპს „ალმა“-სთან 2021 წლის 7 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში თქვენს მიერ განცხადებაში მოყვანილი სამთვიანი ვადა მოხსენიებული არ არის და ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ სექტემბერში რადგან ცენტრმა არ მომართა მხარეს ბანერების ლოკაციის ცვლილების ან ვადის გაგრძელებაზე, თქვენ გქონდათ სრული უფლებამოსილება, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერზე, თუნდაც რამდენიმე ადგილზე, პირდაპირ სხვა შინაარსის ბანერები გადაგეკრათ ცენტრთან შეთანხმების გარეშე, მით უფრო, თავად წერთ, რომ ცოტა ხნის წინ სამ 3 სხვადასხვა ლოკაციაზე განსხვავებული შინაარსის ბანერზე შეთანხმდით, აქვე, იქნებ დაგვიკონკრეტოთ, ვისთან შეთანხმდით ამ საკითხებზე, ცენტრთან ეს არ ყოფილა შეთანხმებული“, - ვკითხულობთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხაზს უსვამს, რომ „ბანერის განთავსების ლოკაციის ცვლილება უნდა განხორციელებულიყო, მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით“. ამასთან, ცენტრი იმედოვნებს, რომ კომპანია „ალმასთან“ თანამშრომლობის მრავალწლიანი პრაქტიკის გათვალისწინებით, მათ შორის შექმნილი გაუგებრობა აღმოიფხვრება, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს საყოველთაო ვაქცინაციის მიმდინარეობაზე და შპს „ალმა“ აღადგენს ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერებს“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარეკლამო კომპანია, რომელიც ბილბორდებზე რეკლამის განთავსებას სთავაზობს მსურველებს, აცხადებს, რომ ვაქცინაციის კამპანიისთვის სარეკლამო სივრცეს უსასყიდლოდ თმობდა. ორგანიზაციამ დღეს გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს აღარ გამოუთქვამს კამპანიის გაგრძელების სურვილი, რის გამოც ბილბორდები ჩამოხსნეს.

„მიუხედავად იმისა, რომ 3 თვის გასვლის შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჩვენთან არ დაუმყარებია არანაირი სახის კომუნიკაცია და ჩვენთვის არ უთხოვნიათ კამპანიის გაგრძელება, „ალმა“-მ ისევ უსასყიდლოდ შეინარჩუნა და დღემდე ინარჩუნებს ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით განთავსებულ გარე სარეკლამო ბანერებსა და სარეკლამო რგოლებს მონიტორებზე“, - აღნიშნავს „ალმა“.

ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე წინასაარჩევნო პლაკატები გამოჩნდა. როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ერთ-ერთი მათგანი კორონავირუსის ვაქცინაციაზე მოწოდების ბილბორდის ნაცვლად გაიკრა.

„მერია არაფერ შუაშია, არანაირი უფლება არ აქვს მერიას ბანერის ჩამოხსნის, ან დაკიდების. არაფერი რეაგირება არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში...“ - აცხადებს თბილისის მერი და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, კახა კალაძე.

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით კი, "როგორც ჩანს, ეს არის „მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG