Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალქვეშა ხომალდების ხელშეკრულების საერთაშორისო უთანხმოებაში ევროკავშირმა საფრანგეთს დაუჭირა მხარი 


ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს საფრანგეთს, შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა და რომელზეც განიხილეს ავსტრალიის მიერ პარიზთან წყალქვეშა ხომალდების შესახებ 40 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმებაზე უარის თქმა.

საფრანგეთი აცხადებს, რომ ყველა შესაძლებლობას განიხილავს პასუხის გასაცემად. ავსტრალიამ, გასულ კვირაში დიზელსა და ელექტროენერგიაზე მომუშავე ფრანგული წარმოების წყალქვეშა ნავების შესყიდვას აშშ-სა და ბრიტანეთთან ბირთვული წყალქვეშა ნავების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ამჯობინა.

ევროპულმა კომისიამ ავსტრალიის ამ ნაბიჯს „მიუღებელი“ უწოდა, გერმანიამ კი თქვა, რომ ეს არის „გამოსაფხიზლებელი სიგნალი“ ევროპისთვის, საიმისოდ, რომ მან დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობები გააფართოოს.

გერმანიის და ევროკავშირის ოფიციალური პირების მხრიდან სოლიდარობის გამოვლენას მიესალმა პარიზი, რომელმაც განაცხადა, რომ ვაშინგტონთან ნდობის შემცირებამ ევროპისთვის გააძლიერა არგუმენტები, რომ მისდიოს საკუთარ სტრატეგიულ კურსს.

„ეს, კიდევ ერთხელ, არის გამოღვიძების სიგნალი ყველა ჩვენგანისთვის ევროკავშირში, რათა საკუთარ თავს ვკითხოთ, როგორ შეგვიძლია ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერება? როგორ შეგვიძლია წარვდგეთ ერთიანი ფრონტით იმ საკითხებშიც, რომლებიც ეხება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას?“ - განაცხადა მიხაელ როთმა, გერმანიის ევროპის საკითხების მინისტრმა ბრიუსელში მინისტერიალზე ჩასვლის დროს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა ავსტრალიის ნაბიჯს „მიუღებელი“ უწოდა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს „მოექცნენ მიუღებელად, და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა მოხდა და რატომ“.

ნიუ-იორკში, გაეროში მსოფლიო ლიდერების ყოველწლიური შეხვედრის პარალელურად, დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა თქვა, რომ „მეტი თანამშრომლობა, მეტი კოორდინაცია და ნაკლები ფრაგმენტაციაა“ საჭირო სტაბილური და მშვიდობიანი ინდოეთ-წყნარი ოკეანის მისაღწევად, სადაც ჩინეთი მნიშვნელოვანი და მზარდი ძალაუფლების ცენტრია.

ავსტრალიამ გასულ კვირაში განაცხადა, რომ საფრანგეთთან გააუქმებს შეკვეთას კონვენციურ წყალქვეშა ნავებზე და ამის ნაცვლად ააშენებს, სულ მცირე, რვა ბირთვულ წყალქვეშა ხომალდს, აშშ-ის და ბრიტანეთის ტექნოლოგიის გამოყენებით - მას შემდეგ, რაც ამ სამმა ქვეყანამ უსაფრთხოების სფეროში გააფორმა AUKUS-ის სახელით ცნობილი ხელშეკრულება.

„ამ განცხადებამ, რა თქმა უნდა, გაგვაოცა“, - თქვა ბორელმა.

ავსტრალიის გადაწყვეტილებამ მძაფრი გულისწყრომა გამოიწვია საფრანგეთის ხელისუფლებაში. „ჩვენ მოკავშირეები ვართ, ერთმანეთში ვლაპარაკობთ და არ ვმალავთ კომპლექსურ, განსხვავებულ სტრატეგიებს. ამიტომაც დადგა ახლა ნდობის კრიზისი“, - თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა და დასძინა: „ამას ახსნა-განმარტება სჭირდება, რაც შესაძლოა დროში გახანგრძლივდეს“.

აშშ ცდილობს დააშოშმინოს ნატოელი მოკავშირე სახელმწიფო და იქ აღძრული სიბრაზე. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მომავალ დღეებში სატელეფონო საუბარს გამართავენ.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ საკიმ ორშაბათს თქვა, რომ, მისი მოლოდინით, მაკრონთან საუბარში ბაიდენი „კიდევ ერთხელ გაუსვამ ხაზს, რომ [აშშ] კვლავაც ერთგულია თავის ერთ-ერთ უძველეს და უახლოეს პარტნიორთან თანამშრომლობისა იმ გამოწვევების მთელ სპექტრზე, რომელთა წინაშეც მსოფლიო დგას“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თქვა, რომ უჭირს გაიგოს ავსტრალიის, ბრიტანეთისა და აშშ-ის ნაბიჯი.

„რატომ? ჯო ბაიდენის ახალი ადმინისტრაციით ამერიკა დაბრუნდა. ეს ისტორიული მნიშვნელობის მესიჯი იყო, რომელიც ამ ადმინისტრაციამ გამოგზავნა, და ჩვენ ახლა კითხვები გვაქვს. რას ნიშნავს ეს - დაბრუნდა ამერიკა? ამერიკა ამერიკაში დაბრუნდა თუ სადმე სხვაგან? არ ვიცით“, - უთხრა მან ჟურნალისტებს ნიუ-იორკში.

თუკი ვაშინგტონისთვის მთავარ საკითხს ჩინეთი წარმოადგენს, მაშინ აშშ-სგან „ძალიან უცნაურია“ ძალების ავსტრალიასა და ბრიტანეთთან გაერთიანება, - თქვა მიშელმა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ასუსტებს ტრანსატლანტიკურ ალიანსს.

ევროპის კომისიამ - რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკას განაგებს - განაცხადა, რომ ფიქრობს გადადოს ავსტრალიასთან დანიშნული მოლაპარაკებები ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ.

აშშ, ბრიტანეთი და ავსტრალია აცხადებენ, რომ მათი ხელშეკრულება აძლიერებს მათ ჩართულობას ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში და ხაზგასმით იმეორებენ, რომ დიპლომატიური კრიზისი არ შეეხება საფრანგეთთან გრძელვადიან ურთიერთობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG