Accessibility links

site logo site logo

„ნაციონალური მოძრაობის“ ორი მხარდამჭერის დაჭრისთვის დაკავებული „ქართული ოცნების“ კანდიდატის შვილია


დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში „ნაციონალური მოძრაობის“ 2 მხარდამჭერის დაჭრისთვის დაკავებული დავით დაუთაშვილი, „ქართული ოცნების“ დმანისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილია.

ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში მიხელ დაუთაშვილი ამბობს, რომ შვილი პოლიციაში თავად მიიყვანა, რათა მომხდარზე პასუხი აგოს, ამასთან განმარტავს, რომ დავით დაუთაშვილი მომხდარის დროს აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„სოფელ განთიადში ჩემს შტაბში ვიყავით აგიტატორები, რომლებიც ვმსჯელობდით ამომრჩეველთან შეხვედრასთან დაკავშირებით, ამ დროს გამოიარა კახა ოქრიაშვილის ესკორტმა, ყველანაიად ცდილობდნენ და ცდილობენ, რომ წამოგვაგონ პროვოკაციებზე. სამწუხაროდ, ჩემი შვილის სისუსტე გამოიყენეს, ჯანმრთელობაც... არ არის რა ჯანმრთელი სრულად. დამინახა ბავშვმა, რომ დავარდნილი ვიყავი, გრძნობადაკარგული და მირტყამდნენ. არაადეკვატური, მდგომარეობიდან გამოსული იყო, აფექტში იყო და... ჩემი შვილი ჩაბარდა თავის ნებით, მოვიყვანე მე თვითონ, დანაშაულზე აგოს შესაბამისად პასუხი“, - ამბობს მიხეილ დაუთაშვილი „იმედთან“ საუბარში.

მანამდე მიხეილ დაუთაშვილი არ ადასტურებდა ინციდენტში თავისი შვილის მონაწილეობას და ამბობდა, რომ „შეიძლება, თვითონ დააზარალეს ერთმანეთი, ერთმანეთში მოხდა რაღაც შელაპარაკება და თვითონ მიაყენეს ერთმანეთს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა".

კითხვაზე, უნდა მოიხსნას თუ არა დმანისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარის კანდიდატურა მომხდარის შემდეგ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა - „კანდიდატი რა შუაშია? თუ არიან კონკრეტული ადამიანები, ვისაც დანაშაულში ბრალი მიუძღვის, ამ ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი“.

„ეს იყო ძალიან მძიმე ინციდენტი. ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ვეწინააღმდეგები ყველანაირ ძალადობას, მათ შორის ფსიქოლოგიურს და იმ ძალადობას, რომელსაც კონკრეტული ტელევიზიები კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებით ახორციელებენ. ყველას აუცილებლად მოეთხოვება და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ძალადობაში მონაწილეობდა, აუცილებლად დაისჯება”, - განაცხადა კახა კალაძემ.

პარტია "გირჩის" დეპუტატის იაგო ხვიჩიას განცხადებით, მომხდარის შემდეგ "ქართული ოცნება" კანდიდატს უნდა ხსნიდეს.

ჩვენ ახლა ვიცით, რომ ვირჩევთ ადამიანს, რომლის შვილმაც მამის არჩევის გამო კაცი კინაღამ მოკლა, დაასახიჩრა. „ქართული ოცნება" პირველი, რასაც ახლა უნდა აკეთებდეს, ამ კანდიდატს უნდა ხსნიდეს რეგისტრაციიდან. ყველას ინტერესია, რომ ადამიანი კრიმინალის შედეგად არ გახდეს საკრებულოს წევრი", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სოფელ განთიადში მომხდარის კომენტირებისას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ძალადობის ადგილი დემოკრატიულ საარჩევნო კამპანიაში არ არის და საჭიროა მოხდეს არა მხოლოდ მისი დაგმობა, არამედ უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ამას შესაბამისი სამართლებრივი მოკვლევა მოჰყვება, რაც, იმედია, დაწყებულია და შედეგებს მოიტანს“.

გუშინ, 21 სექტემბერს, ორი ადამიანი დაიჭრა და კიდევ რამდენიმე დაშავდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატის, დმანისის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის გიორგი ტატუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას. ამ ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით და და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, დაკავებულია ამავე სოფელში "ქართული ოცნების" კანდიდატის შვილი. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG