Accessibility links

site logo site logo

თენგიზ ცერცვაძე: მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის ქვეყანას უწყობს საბოტაჟს


თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უკმაყოფილოა საქართველოში ვაქცინაციის ტემპით. როგორც მან მედიას უთხრა, დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ.

„ყველაზე აქტუალურია დღეს ვაქცინაციის საკითხი. სამწუხაროდ, ყველანი შეშფოთებულები ვართ, ვაქცინაციის ტემპის ერთხანს მატების შემდეგ, როდესაც შესაძლებელი გახდა, რომ დავძლევდით პანდემიას და მეხუთე ტალღა აღარ იქნებოდა, ან იქნებოდა ძალიან რბილი, მოხდა პირიქით - ბოლო დღეებში შემცირდა ვაქცინირებულთა რიცხვი. კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის. რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ეს არის ანგაჟირებული, პოლიტიზირებული ნაწილი თუ სხვა მოტივები აქვთ - ან არის ცალკეული ექსპერტების ან ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექსპერტების დაუფიქრებელი გამონათქვამების შედეგი, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის ქვეყანას უწყობს საბოტაჟს. 13 ათასი ვაქცინა დღეში არის საბოტაჟი თავისი თავის მიმართ, საბოტაჟი, პირველ რიგში, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გადაცილებული არიან 60 წელს და ასეთები მგონი ყველას ჰყავს ოჯახში - ახლობლები მშობლები, ფაქტობრივად, წირავენ ისინი, როდესაც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იმუნოლოგი ამბობს, რომ „ფაიზერის" მიერ წარმოებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც საქართველოშია შემოტანილი, ვადა გასდის.

„ადრე, სანამ ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა და სხვათა შორის, ისიც დაგვიანდა ამ ანგაჟირებული ადამიანების გამო, რომ ჩინური ვაქცინა არ უნდოდათ, პირდაპირ გამოდიოდნენ და ამბობდნენ: „მე გავიკეთებ მხოლოდ „ფაიზერს“ და ამიტომ სახელმწიფომ დააგვიანა შემოტანა. ახლა, „ფაიზერი“ გვაქვს სწორედ ყველაზე მეტი. „ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გაუდის და რას შვრებით, ხალხო! ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს?! მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს. გვაქვს „სინოვაკი“, „სინოფარმი“ , „ასტრაზენეკა“, მივიღებთ „ჯონსონ და ჯონსონს“. მე ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ?! რას აკეთებთ?!“ - აღნიშნავს ცერცვაძე.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით:

  • 22 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 686 412 აცრა
  • სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 956 417 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.5%
  • სრულად ვაქცინირებულია 729 995 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.6%
  • 21 სექტემბერს აიცრა 13 962 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG