Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში შეიტანა საპასუხო სარჩელი


პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ დაბრუნებულ, მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშაში
პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ დაბრუნებულ, მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშაში

აზერბაიჯანმა სომხეთს უჩივლა ჰააგაში, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში. ბაქო ერევანს ადანაშაულებს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში.

სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხეთი განაგრძობს ეროვნული და ეთნიკური ნიშნით აზერბაიჯანელების დისკრიმინაციას და ეთნოწმენდას და სიძულვილს აღვივებს, მათ შორის, უმაღლეს სამთავრობო დონეზე. აზერბაიჯანი სომხეთს ადანაშაულებს რასისტულ პროპაგანდაშიც. ჰააგის სასამართლოში წარდგენილ სარჩელში ბაქო ერევნისგან მოითხოვს აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელი ხალხისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.

სექტემბრის შუა რიცხვებში, სომხეთმა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში ანალოგიური სარჩელი შეიტანა აზერბაიჯანის წინააღმდეგ. სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა სომხების რასობრივ დისკრიმინაციას და აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ წარმოებული ანტისომხური პოლიტიკის გამო, სომხები სისტემატურად განიცდიდნენ დისკრიმინაციას, წამებას და მასობრივ მკვლელობებს.

სომხეთის სარჩელის თანახმად, აზერბაიჯანმა ეს პრაქტიკა ისევ გამოიყენა 2020 წლის სექტემბერში, "არცახის რესპუბლიკის"(მთიანი ყარაბაღი) წინააღმდეგ აგრესიის დროს და შეიარაღებული კონფლიქტისას სერიოზულად დაარღვია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის საერთაშორისო კონვენცია.

მთიან ყარაბაღში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის სექტემბერში განახლდა. ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს საომარი მოქმედებების შეწყვეტის და მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანს დაუბრუნდა 90-იან წლებში დაკარგული არაერთი რაიონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG